მიხეილ მაჭავარიანს დეპუტატები არ ემორჩილებიან!

გასული კვირა სასესიო გახლდათ. სამშაბათსვე უკვე აშკარა გახდა, რომ ქვორუმის შეკრება გართულდებოდა. ეს ის დღეა, როცა ჰოლივუდის რეჟისორი ჰარლინი მასობრივ სცენებს იღებდა პარლამენტის შენობის წინ და ასახავდა 2008 წლის 12 აგვისტოს საპროტესტო აქციას, მიმართულს ოკუპანტების წინააღმდეგ. ამ სცენას დღის პირველ ნახევარში იღებდნენ, ამ პროცესს დაემთხვა დეპუტატების ხალვათობა პარლამენტის სხდომაზეც.
რეგისტრაციის დროს ტაბლომ მხოლოდ 66 დეპუტატის დარბაზში ყოფნა აჩვენა, დარბაზში მყოფი დეპუტატები კოლეგების მისამართით ხუმრობდნენ, ეტყობა მასობრივ სცენებში მონაწილეობენ და ამიტომ ვერ მოვიდნენო.
პირველი რეგისტრაციის დროს დარბაზში უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი არ იყო და მაჭავარიანის მოთხოვნას, უზრუნველყავით ფრაქციის მოყვანა სხდომაზეო, ბუნებრივია, ვერ შეასრულებდა. თხუთმეტწუთიანი ლოდინის შემდეგ ცისკარიშვილი გამოჩნდა, თუმცა თანაფრაქციელების მიყვანაზე არ უფიქრია.
ჩიორა თაქთაქიშვილი ისევ ის ჩიორა იყო, დაუვარცხნელი თმით, ისევ იმ პიჯაკით, რომელიც ლამის გაუხდელად აცვია, და ,,ტუსოვშიკი’’ რატიც თავისი განუყრელი ჯინსის შარვლით.
მაჭავარიანმა მანდატურს სიის ამოღება მოსთხოვა. ბობოხიძემ დავიშალოთო სპიკერს შესთავაზა, მაჭავარიანმა უპასუხა, არსად არ დავიშლებით, დაიშლება ის, ვინც არ დადის სხდომაზეო. სიის ამოკითხვის დროს მაჭავარიანმა ხახნელიძე-ხაბულიანის დუეტი მოიკითხა და როცა დარწმუნდა, არ არიანო, ესენი ალბათ ერთად იქნებიან სადმეო, თქვა. მოხვდა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორჩ აკაკი მინაშვილს სხდომის გაცდენის გამოც, არ მაინტერესებს მისი შეხვედრები, დანიშნოს მაშინ, როცა პლენარული სხდომა არ არისო, ბობოქრობდა ვიცე-სპიკერი.
,,ამ კოპალიანმა მერამდენედ მიმართა, ხელფასს ნუ დამიქვითავთო, ბოლოს და ბოლოს გაერკვეს, სად არის, ხან ქუჩაში კარავშია, ხან კაბინეტში გამოიკეტება’’ - ოპოზიციონერ კარლო კოპალიანს შეუტია მაჭავარიანმა.
მოკლედ, დედა შვილს არ აიყვანდა, ისეთი მდგომარეობა იყო. ნახევარი საათის შემდეგ ქვორუმი რის ვაი-ვაგლახით შეიკრიბა და სხდომაზეც ტრადიციული განცხადებები დაიწყო.
ასეა თუ ისე, მრავალჯერადი მუქარების მიუხედავად დასჯილი ჯერ არავინ გვინახავს, არც ის გაგვიგია, თუ ვინმეს ხელფასის დაქვითვის შემდეგ სხდომაზე მისვლის სურვილი გასჩენია.
ზოგისთვის მაგალითად, პარლამენტარის ხელფასი ერთი მოლხენაა რესტორანში. მომავალში პარლამენტის ხელმძღვანელობა ამ მძიმე მდგომარეობას რა გზით გამოასწორებს, ძნელი სათქმელია, ფაქტი ერთია, რომ კოპალიანის გარდა მთელ დეპუტაციაში ხელფასის დაქვითვის დამსჯელი აქცია არავის აშინებს. „ორი არასაპატიო დაგვიანებისთვის, მე რომ სპიკერი ვიყო გამცდენ კოლეგებს პარლამენტიდან პირდაპირ გავუშვებდი მიუსავლეთში”, - იხუმრა დრონი.ჯი-თან საუბრისას უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

კომენტარი