სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან აიტვირთა?

თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ" Youtube-ზე სავარაუდოდ საქართველოდან აიტვირთა.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას google-თან, რომელიც Youtube-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ფლობს. აღნიშნული ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიდეოს წარმომავლობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. არაოფიციალურ ცნობას, ვიდეოს სავარაუდოდ საქართველოდან ატვირთვის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ვიდეომასალასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა და ხაზგაზსმით განაცხადა, რომ ის ფაბრიკაციაა. თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიდეო ფაბრიკაციაა.

Youtube-ზე გუშინ გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენ მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.

ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100