ოპერაცია „ბ. ნ.“ და შურიკის სხვა თავგადასავლები

ოპერაციის სახელწოდება „ბ.ნ.“ „ბორის ნიკოლაევიჩს“ (ელცინს) ნიშნავს, ხოლო „შურიკი“ – მისი ყოფილი თანაშემწე – ალექსანდრე კორჟაკოვია. ამ უკანასკნელმა გამოსცა წიგნი ელცინზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტის რეალური სურათია დახატული და ჭკუასუსტი ლოთის პორტრეტს წინ ღირსეულად აქვს წამძღვარებული ეპიგრაფად ტალეირანის საგულისხმო გამონათქვამი: „მრავალ ერს დაეცემოდა თავზარი, რომ გაეგო, როგორი უმნიშვნელო ხალხი მბრძანებლობს მასზე“!

ბატონი ბიძინა ივანიშვილი კი იკვეხის, რომ ელცინის სახით მან რუსეთს დემოკრატიის მამა გადაურჩინა. ჩეჩნეთისა და საქართველოს მიმართ ელცინის პერიოდში ჩადენილ დანაშაულობებსაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც ბორის ნიკოლაევიჩი აცხადებდა: „დუდაევი გენოციდს უწყობს საკუთარ ხალხსო“ და შევარდნაძეს კი ნამდვილად აიარაღებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, უაღრესად საყურადღებოა მისი, როგორც პიროვნების სახე, რომელიც პირმოუფერებლად სრულად აღწერა ზემოხსენებულმა ალექსანდრე კორჟაკოვმა.

იმისათვის, რათა ქართველი მკითხველი დარწმუნდეს, როგორი დონის პრიმიტიულ მოღვაწეს აპიარებდა პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი, გთავაზობთ სახასიათო ფრაგმენტებს ელცინის ბიოგრაფიდან კორჟაკოვის წიგნის მიხედვით:

კოვზებით სეირნობა მელოტ თავებზე!

1991 წლის 18 აგვისტოს, პუტჩის წინა დღეს, ელცინი ყაზახეთში ნაზარბაევთან იყო სტუმრად. უმაღლესი დონის შეხვედრა მოუწყეს. მთის მდინარეში ბანაობის და ადგილობრივი სამხარეო მუზეუმის იურტაში მამა–პაპური სმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად გაიმართა კონცერტი. მშვენიერი ყაზახი გოგონები მღეროდნენ და დომრაზე უკრავდნენ. ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა და ცეკვა დაიწყო. ყოველივე ამას იგი პროფესიული ოსტატობით ასრულებდა. ანსამბლს ბორის ელცინიც შეუერთდა. მან გადაწყვიტა, აკომპანემენტი გაეკეთებინა კოვზებით. პრეზიდენტის გვერდით აღმოჩნდა სამეურნეო სამმართველოს უფროსი ზაგაინოვი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა დაახლოებოდა ელცინს და ტელეკამერის წინ ამ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გაუშვებდა, – აქაოდა, გვნახეთ, რა ახლობლებიცა ვართო.

მუზეუმში დასაჯდომი ადგილები ამფითეატრივით იყო განლაგებული – ნელ–ნელა მაღლდებოდა. შეფი, ნაზარბაევთან ერთად, ხალიჩებდაფენილ შემაღლებაზე მოეწყო, სამეურნეო სამმართველოს უფროსი კი ქვედა საფეხურზე მოკალათდა. როდესაც ბორის ნიკოლაევიჩმა კოვზებით დაკვრა დაიწყო, ჯერ საკუთარ ფეხებზე ახმიანებდა მათ და მოულოდნელად, საკუთარი ფეხიდან ხელქვეითის ჭაღარა თავზე გადაინაცვლა. ეს გასართობი ისე მოეწონა, რომ მისდგა და მისდგა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უბრახუნებდა... ის საწყალი წყენის გამჟღავნებასაც ვერ ბედავდა და სიმწრით იღიმებოდა – ვითომცდა, სულაც არ მწყინს პრეზიდენტის ხუმრობაო. მათი შემხედვარე, აუდიტორია სიცილით იგუდებოდა და მხარდაჭერით გულმოცემული ბორის ნიკოლაევიჩიც უფრო გულმოდგინედ და რიტმულად ურტყამდა თავში კოვზს საცოდავ მდგომარეობაში მყოფ იური გეორგევიჩს.

ეს შემოქმედებითი მიგნება კარგად დაამახსოვრდა პრეზიდენტს და შემდეგშიც იყენებდა: დაკვრისას ხშირად მიაკითხავდა ხოლმე მეზობლების თავებს. როცა ელცინს კოვზებით დაკვრის სურვილი მოუვლიდა, წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ზაგაინოვს მაინც ბედმა გაუღიმა, –ყაზახეთში ხის კოვზი საძებარი არ გახლდათ. თორემ, თუ ახლომახლო ხის კოვზი არ იყო, ბორის ნიკოლაევიჩი ლითონისას სტაცებდა ხოლმე ხელს.

ერთხელ ყირგიზეთის პრეზიდენტს, აკაევსაც არ გაუმართლა; მით უმეტეს, რომ კოვზი ამ შემთხვევაში რკინისა იყო...ამიტომაც, როდესაც რომელიმე ღონისძიებაზე ელცინი კოვზებით დაკვრის ეშხზე მოდიოდა, მისი თანმხლები პირები მოშორებით სხდებოდნენ ხოლმე, ან მოწევის სურვილს მოიმიზეზებდნენ და გარეთ გადიოდნენ.

კორჟაკოვი მიიჩნევს, რომ ელცინის გატაცება ალბათ მისი სიჭაბუკიდან უნდა იღებდეს სათავეს – იგი დაიბადა სოფელ ბუტკაში, სადაც, როგორც ჩანს, კოვზებით დაკვრა პრესტიჟულ ხელობას წარმოადგენდა. ელცინი ხშირად აჟღარუნებდა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე კოვზებს და თან ამღერებდა სოფლურ სიმღერას იმის შესახებ, თუ როგორ გამოჰყავს ძროხა ცვრიან ბალახზე და როგორ ხვდება ტყეში დათვი. ამ სიტყვებს თუმცა უსმენოდ, მაგრამ ისეთი გზნებით მღეროდა, რომ მხილველები ვერ უძლებდნენ სიტუაციის კომიზმს და გულიანად ხარხარებდნენ.

დირიჟორისთვის ჯოხის წართმევა და „მუზიცირება“

(კორჟაკოვის მიერ ქვემოთ აღწერილი შემთხვევა ასახავს გერმანიაში ვიზიტის ერთ ეპიზოდს)

სადილზე ელცინმა ბევრი ღვინო დალია – გერმანელი ოფიციანტი ვერ ასწრებდა ჭიქის გავსებას. მზემ კიდევ უფრო გააძლიერა ალკოჰოლის ზემოქმედება. პრეზიდენტი ლაღობდა: მჭახე ბარიტონით ხორხოცებდა, ხელებით ჟესტიკულირებდა და ათასგვარ სისულელეს როშავდა. მე მის წინ ვიჯექი და სირცხვილისაგან ალმოდებულს, მიწა გამსკდომოდა, მერჩია.

სადილის შემდეგ ღონისძიებები გაგრძელდა...

რუსეთის პრეზიდენტმა მერიის წინ დაიწყო მუზიცირება ბერლინის პოლიციის ორკესტრთან ერთად. არავითარი სადირიჟორო ცოდნა ბორის ნიკოლაევიჩს არ გააჩნდა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გაოგნებული დირიჟორისთვის წაერთმია ჯოხი და პულტთან მისი ადგილი დაეკავებინა. ელცინი ისეთი ემოციურობით და დამაჯერებლობით იქნევდა ამ სადირიჟორო ხელსაწყოს, ვინმეს შეიძლება თვით ნაწარმოების ავტორი ჰგონებოდა. მაყურებლებიც, კორესპონდენტებიცა და მუსიკოსებიც მეტისმეტად გამხიარულდნენ. არაფერი მსგავსი არსად და არასოდეს მათ არ ენახათ და, საეჭვოა, რომ ოდესმე კიდევ ნახონ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მაყურებლის ყიჟინა და შეძახილები მან მიიღო თავისი დირიჟორული ტალანტის საერთო აღიარებად...

როდესაც ჯოხის ქნევით გული იჯერა, ელცინმა გადაწყვიტა, ემღერა „კალინკა–მალინკას“ რამდენიმე კუპლეტი. სიტყვები სრულად არ იცოდა, სამაგიეროდ ცალკეულ ფრაზებს შთაგონებულად, მთელი გულით დასძახოდა ომახიანი ხმით. როგორც წესი, „კალინკას“ სიმღერას ელცინი უხამებდა ხოლმე კოვზების დაკვრის აკომპანემენტს. საბედნიეროდ, ამჯერად მას ხელთ არ ჰქონდა კოვზი...

მანქანის საჭესთან ბავშვური აღტყინებით

ელცინის პირველი საკუთარი მანქანა იყო „მოსკვიჩი“... ერთხელ მან გადაწყვიტა ამ მანქანით გასეირნება. საჭეს მიუჯდა და მე თავის გვერდით დასაჯდომად მიმითითა. განწირულად შევძვერი კაბინაში. როდესაც მანქანა ადგილზე შეხტა კენგურუსავით, მუდარის თვალებით შევხედე ბორის ნიკოლაევიჩს. მაგრამ ის უკვე ტკბებოდა საკუთარი საშოფრო ხელოვნებით. მთელი სხეული გამიხევდა დაძაბულობისაგან. მზად ვიყავი ნებისმიერი წუთისათვის ჩავრთულიყავი მძღოლის უფლებამოსილებაში. ამ მომენტში ერთთავად ეჭვები მღრღნიდა: ოდესმე მიუღია კი ბორის ნიკოლაევიჩს მართვის მოწმობა, როგორც წესი და რიგია?

ადრე, ამ „მოსკვიჩამდე“ შეფს ჩემს „ნივაზე“ ჰქონდა ბედი ნაცადი ქალაქგარეთ, სოფლის თემშარაზე. იგი რაც ძალი და ღონე ჰქონდა აჭერდა გაზს და ოღრო–ჩოღროებში ჭერს ვუხათქუნებდით თავს...გზატკეცილეზე გასვლის დროისთვის ელცინს პედლები აერია და მეტალის ზოლებიან ზღუდეს შეეჯახა. კიდევ კარგი, ავტოინსპექცია ან გარეშე მანქანები რომ არ აღმოჩნდნენ ახლომახლო...

ელცინი ორჯერ გამოვიდა კრემლიდან თავისი მანქანით... მას შემდეგ მომემატა ჭაღარა თმაში...ამ მგზავრობის დროს დაზღვევაზე მახლდნენ ჩემი მეგობრები: ერთი მარჯვნიდან მოგვყვებოდა „ნივით“ და მეორე – „ჟიგულით“ მარცხნიდან. ამგვარად, ჩვენ ერთბაშად ორ რიგს ვუთავისუფლებდით ბორის ნიკოლაევიჩს. მეორე საკითხი კიდევ უფრო რთული გადასაჭრელი იყო: უნდა მოგვეძებნა უმოსახვევო მარშრუტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს პედლები ეშლებოდა და მანქანის ბედი სრულიად ამოუცნობი ხდებოდა...

„მელომანი“

ერთხელ, როგორღაც, შედარებით ადრე, საღამოს ათი საათისათვის წამოვედით ქალაქკომიდან და მე ბორის ნიკოლაევიჩს მანქანაში მუსიკის მოსმენა შევთავაზე. იგი შემეკითხა:

–რა ჩანაწერები გაქვთ?

–მაქვს ანა გერმანი – ვუპასუხე და ჩავრთე მაგნიტოფონი. შევატყვე, რომ შეფს მოეწონა სიმღერები.

ბორის ნიკოლაევიჩი რადიოს ვერ იტანდა. „ახალ ამბებსაც“ კი არ მასმენინებდა. ხაფი ხმით მიბრძანებდა ხოლმე: –გამორთეთ!

ახლა კი სიამოვნებით უგდებდა ყურს . ჩვენი მანქანა საღამოს მოსკოვის ქუჩებს მიუყვებოდა. ელცინი იჯდა ჩუმად, სახეზე ლირიკული გამომეტყველებით. ასე განმეორდა რამდენჯერმე. როდესაც მას ეკითხებოდნენ, რომელი საესტრადო მომღერალი უყვარს, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე პასუხობდა:

–ანა გერმანი!

მე ეს პასუხი ძალიან მახალისებდა...

მაგრამ, როდესაც ანა გერმანის შემდეგ სხვა ჩანაწერების მოტანა განვიზრახე, შეფმა მოულოდნელად კატეგორიულად ამიკრძალა:

–მორჩა, საკმარისია. მომბეზრდა...

მუსიკალური საღამოები დამთავრდა.

ფრენა სიზმარში და ცხადში

ეს ამბავი მოხდა ბორის ელცინის ამერიკაში სტუმრობიდან ორი კვირის შემდეგ...ერთხელ, შუაღამისას, ალექსანდრ კორჟაკოვის სახლში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მაშინ, ჯერ კიდევ სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ბორის ელცინის ქალიშვილმა, ტანიამ შეატყობინა ალექსანდრ ვასილევიჩს, – მამაჩემი სახლში არ დაბრუნებულა, დაიკარგაო. სექტემბერი იწურებოდა. კორჟაკოვმა არყის ბოთლს დაავლო ხელი, მისაყოლებლად ჩანთაში რამდენიმე ვაშლი ჩააგდო და მანქანისაკენ გაიქცა. „ნივას“ 120 კმ.სთ.–ის სიჩქარით მიაქროლებდა. სახელმწიფო აგარაკების სიახლოვეს, ხიდთან უბადრუკი სანახაობა გადაეშალა: მილიციის ჯიხურში, სკამლოგინზე გაუნძრევლად იწვა ელცინი თეთრი ტრუსების ამარა. დაბნეულ მილიციელებს მისთვის ბუშლატი დაეფარებინათ და იქვე ახლოს რეფლექტორი დაედგათ. კორჟაკოვის დანახვისას, გრძნობამოჭარბებულ ელცინს ცრემლები წამოსცვივდა. ალექსანდრ ვასილევიჩი არ დაიბნა: მაშინვე გაუვსო ჭიქა არყით, თავი წამოუწია და, ფაქტიურად, პირში ჩაასხა უფროს მეგობარს. ელცინი ისე ძლიერ იყო გაყინული, რომ ვერც კი იგრძნო სასმელის სიმაგრე; ვაშლი ჩაკბიჩა და ისევ გადაწვა ხის საწოლზე. კორჟაკოვმა ბორის ნიკოლაევიჩი არყით დაზილა და ყური მიუგდო მის მონათხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უპირებდნენ წყალში დახრჩობას.

ელცინი რაღაცას ბოდიალობდა ტომრით წყალში გადაგდების თაობაზე, იმ ტომრისთვის წყალში თავის მოხსნის შესახებ და სხვა ასეთებს (რა მკვლელებს გადაჰყრია ამისთანას, რომ ტომრისთვის თავიც ვერ მოუკრავთ ხეირიანად?!)... კორჟაკოვმა კიდევ ორი ჭიქა გადაახუხა შეფს. ამასობაში მოვიდნენ მეუღლე – ნაინა იოსიფოვნა და შვილი ტატიანა, ქმართან ერთად. ნაინა მივარდა მეუღლეს: – ბორია, ბორია, რა დაგემართა? ბორიას ცრემლები წასკდა, სასმელისგან შემთბარს გონება დაუბრუნდა და სხვების დახმარებით ბარბაცით დაიძრა მანქანისაკენ...

კომენტარი