როგორ ატყუებს ხალხს „აქსისი“ და „ცენტრ პოინტი“

სამშენებლო კომპანიებს მოქალაქეთა „გადაგდებას“ ერთი ფაქტორი უიოლებს - სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ბერკეტი საიმისოდ, რომ მშენებლებს ობიექტების დასრულება ან აიძულონ ან მობინადრეთა სასარგებლოდ კომპენსაცია გადაახდევინონ.
არადა, საქართველოში რეგისტირებული სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი, უკვე დიდი ხანია გაკოტრებულია. ისინი, აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებენ. ობიქტების უმრავლესობა გაჩერებულია. ეს მაშინ, როდესაც ამ ობიექტთა ჩაბარების დრო (საპატიო გადაცილების ჩათვლით) რამდენიმე წლის წინ იყო.
კომპანია „აქსისმა“ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა გაყიდვები საირმის გორაზე მშენებარე ორ კომპლექსში. დღეს საირმის გორაზე მშენებლობა გაჩერებულია, არადა, ბინების დიდი ნაწილი გაყიდულია, თუმცა, იმ ადგილას, სადაც ეს ვირტუალური კომპლექსი უნდა აშენდეს, ჯერ რეალურად, სამშენებლო სამუშაოებიც არაა დაწყებული.
„აქსისმა“ რამდენიმე წლის წინ აიღო ვალდებულება იმის შესახებაც, რომ ვაკეში, თბილისის ახალ სიმბოლოს - „თბილისი თაუერსს“ ააშენებდა, თუმცა, როგორც წესი, ეს კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებას იძლევა, „თბილისი თაუერსი“ კი ამ დროისთვის მხოლოდ ოცნებაა.
იგივე „აქსისი“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ყიდდა ავლაბარში ჰაერს, მაგრამ ამ წუთამდე საძირკველიც კი ვერ გაჭრა იქ, სადაც ავლაბრის მშვენება უნდა ააშენოს.
„აქსისმა“ ქვეყანას ამცნო იმის შესახებაც, რომ საბურთალოს ქუჩაზე ააშენებდა ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის კომპლექსებს. რომ ეს კომპლექსები იქნებოდა ყველაზე კომფორტული, თანამედროვე, სანუკვარი ადგილი მთელ დედაქალაქში.
მშენებლობა მართლაც დაიწყო, თუმცა, მალევე გაჩერდა. დღეს, საბურთალოს ქუჩაზე, „აქსისის“ ობიექტებზე რამდენიმე მუშა ჩხირკედელაობს და ორიოდე მაწანწალა ძაღლი დასეირნობს. სხვა მხრივ, ობიექტებს, განსაკუთრებით კი „აქსის პალას 2“-ს კაცი ოპტიმისტურს ვერაფერს შეატყობს. არადა, ეს ობიექტი ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიის საიტზე კვარტალში ერთხელ იცვლება მშენებლობის დასრულების ვადა.
მაგალითისათვის: „აქსის პალას 2“ 5 ბლოკისგან შედგება. აქედან მე-4 ბლოკი ჯერ დაწყებულიც არაა, ხოლო მე-5 ბლოკში მხლოდ ერთი საცხოვრებელი სართულია აშენებული. კომპანიის წარმომადგენლები მობინადრეებს ერთი წლის განმავლობაში ატყუებდნენ, რომ მშენებლობა მალე ინტენსიურად დაიწყებოდა, თუმცა, 2006 წლიდან დღემდე კომპანიამ მე-5 ბლოკში მხოლოდ ერთი სართულის აშენება შეძლო.
„აქსისს“, ვალდებულებების შეუსრულებლობით არ ჩამოუვარდება ცენტრ-პოინტიც. მართალია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსუდან კერვალიშვილი, საკმაოდ სანდომიანი და გულჩვილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ არსებობს მოქალაქეთა მთელი არმია, რომელიც იმ დროს წყევლის, როცა „ცენტრ-პოინტში“ ფული დააბანდეს.
რუსუდან კერვალიშვილი და მისი და, მაია რჩეულიშვილი არიან იმ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები, რომელმაც ასობით მოქალაქეს სიცოცხლე გაუმწარა.
მაგალითად, დიღომში, ამერიკის საელჩოსთან, კორპუსი როგორც იქნა ააშენეს, თუმცა, ირგვლივ პერიმეტრი ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია და ამ კორპუსში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბინას ყიდის, რადგან თავს მოტყუებულად თვლის.
„ცენტრ-პოინტმა“ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა მშენებლობა უამრავ ობიექტზეც. კერძოდ კი, დიღმის მასივის მე-2 კვარტალში. იქ, სადაც ადრე ავტოსადგომი იყო, ცენტრ პოინტმა საცხოვრებელი კორპუსის აშენება გადაწყვიტა, მშენებლობა საკმაოდ კარგი ტემპით დაიწყო, თუმცა, აგვისტოს აგრესიამდე ცოტა ხნით ადრე, მშენებლობა გაჩერდა და დღემდე არ განახლებულა.
სამშენებლო კომპანიები არც კომპენსაციის გადახდით იწუხებენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია, თუ მშენებლობას ვერ დაასრულებს დათქმულ დროს, მოიჯარეს, ყოველთვიურად ბინის ღირებულების გარკვეული პროცენტი უნდა გადაუხადოს (პროცენტი ინდივიდუალურად დგინდება).
სამშენებლო კომპანიები თავიანთ წარუმატებლობას ხან რუსულ აგრესიას, ხან ოპოზიციის მიტინგებს, ხანაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ.
შესაძლოა ამ ფაქტორებმა გარკვაულწილად მართლაც იმოქმედა კომპანიების გეგმებზე, მაგრამ „გაყინული მშენებლობის“ ნამდვილი მიზეზი ფინანსური პირამიდებია. მაგალითისათვის გეტყვით, რომ „აქსის პალას 2“-ში ინტენსიური მშენებლობა არც ეკონომიკურ კრიზისამდე და რუსულ აგრესიამდე მიდიოდა. მეტიც, 2008 წლის აგვისტომდე მე-5 ბლოკში საძირკველიც კი არ იყო ჩასხმული.
ექსპერტთა განცხადებით, ის, რომ სამშენებლო ბიზნესში ასეთი სავალალო მდგომარეობაა, ამაში დიდ წილად სახელმწიფოა დამნაშავე. კომპანიები ყიდდნენ ჰაერს და საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად „ფინანსურ პირამიდებს“ აშენებდნენ, ეს პირამიდები დაინგრა, თუმცა, სახელმწიფოს უყურადღებობის გამო, ქვეშ არა კომპანიის დამფუძნებლები, არამედ კეთილსინდისიერი გადამხდელები – მოიჯარეები მოიყოლა.

კომენტარი