სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კვირის რეპორტაჟის“ არშემდგარი სკანდალი და არშემდგარი „ამოცნობა“(დამატებულია ვიდეო)

ის, რაც 29 მაისს, ტელეკომპანია „მაესტროზე“ ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟმა“ შემოგვთავაზა, სხვა არაფერია, თუ არა გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ 29 მაისს გასულ „კვირის რეპორტაჟში“, ნანა ლეჟავას გუნდი ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ აქციის ერთ–ერთი მონაწილე, აწ გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე, რომელიც სამართალდამცველებმა 27 მაისს ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე, სავარაუდოდ, ელექტროსადენის შეხებისგან გარდაცვლილი იპოვეს, გარდაცვალებამდე პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ.

მეტი დამაჯერებლობისთვის მოიძებნა ნიკა კვინტრაძის მეგობარი, ვინმე რეხვიაშვილი. მან მიტინგის დაშლის შემდეგ გადაღებულ ერთ–ერთ ფოტოზე, რომელზეც კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ასფალტზე გაწოლილი მომიტინგეები იყვნენ აღბეჭდილნი, ნიკა კვინტრაძე „ამოიცნო“.

მიუხედავად იმისა, რომ „ამოცნობილი“ აქციის მონაწილე პირქვე იწვა და სახის არცერთი ნაკვთი, ცხვირის ნაწილის გარდა, არ ჩანდა, რეხვიაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს ხელებშეკრული მამაკაცი ნიკა კვინტრაძე იყო. რასაკვირველია, „კვირის რეპორტაჟს“ შეეძლო და, ჟურნალისტური გამოძიების სტანდარტებით ევალებოდა კიდეც, მისულიყო ნიკა კვინტრაძის ოჯახში, ეჩვენებინა „ამოცნობილის“ ფოტო მათთვის, ვინც უფრო კარგად იცნობდა ნიკა კვინტრაძეს, მოესმინა განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში „სკანდალი“ არ შედგებოდა.

ასე რომ, ნანა ლეჟავამ და კამპანიამ უარი თქვეს ჟურნალისტური გამოძიების მთავარ პრინციპზე, რომლის თანახმად, მთელი შრომა რაიმე ფაქტის დასამტკიცებლად, წყალში ჩაყრილად უნდა იქნას მიჩნეული და მასზე დაუყოვნებლივ უნდა ითქვას უარი, თუკი არსებობს ერთი ფაქტი მაინც, რაც რეპორტაჟის მტკიცებულების საპირისპიროდ მეტყველებს.

სხვათა შორის, მსგავსი „სენსაცია“ „კვირის რეპორტაჟის არქივში“ მრავლად მოიპოვება და მაგალითად ერთის, საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთაში, მუხრან მაჭავარიანის თხოვნის შემდეგ პრეზიდენტის დავალებით აღდგენილი სასმელი წყლის არხის „არარსებობა“ იკმარებდა...

რაც შეეხება ნიკა კვინტრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ამბავს, რასაკვირველია, „კვირის რეპორტაჟსაც“ თავისუფლად შეეძლო ის ფოტო მოეპოვებინა, რომელიც „პრესა.ჯი“–მ ექსკლუზიურად მოიპოვა და სადაც კარგად ჩანს იმ მამაკაცის სახე, რომელიც „კვირის რეპორტაჟმა“ ნიკა კვინტრაძედ მონათლა.

მართალია, ამ დღეებში გავრცელებულ ნიკა კვინტრაძის სურათებთან იმ მამაკაცის სახის შედარება, რომელიც სინამდვილეში აღბეჭდილია სკანდალის მიზეზად ქცეულ ფოტოზე, შეუიარაღებელი თვალითაც იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ისინი სხვადასხვაა, მაგრამ „პრესა.ჯი“–მ მაინც გადაწყვიტა, ამობეჭდილი ფოტოები ნიკა კვინტრაძის ოჯახის ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და მეზობლებისთვის ეჩვენებინა.

ყველა მათგანის პასუხი ცალსახა იყო: სურათზე გამოსახული პირი არ შეიძლება იყოს ნიკა კვინტრაძე. უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთაგან ბევრი გაღიზიანებას ვერ მალავდა „კვირის რეპორტაჟში“ გასული იმ მტკიცებულებითი ტონის გამო, რომელიც გარდაცვლილის მეგობარს ჰქონდა.

„ასეთ დროს, მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო – ზერელედ არაფრის მტკიცება არ შეიძლება, მით უმეტეს, ასეთ დელიკატურ საკითხზე ასე დარწმუნებით საუბრის დროს უნდა გაითვალისწინო, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს შენს განცხადებას – ფაქტობრივად, ამტკიცებ, რომ ადამიანი ჯერ დაიჭირეს, მერე კი აწამეს, მოკლეს და ცხედარი მაღაზიის სახურავზე დააგდეს... ხომ უნდა იფიქრო, რა შეიძლება დაემართოთ ამ ვერსიის გაგების შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს?“ – ამბობს ნიკას ერთ–ერთი მეგობარი და ამატებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც „კვირის რეპორტაჟში“ ნაჩვენები სურათის მიხედვით „დაასკვნის“, რომ ფოტოზე ნიკაა აღბეჭდილი, იტყუება.

იგივეს იმეორებენ ნიკა კვინტრაძის სხვა მეგობრები. მათ „პრესა.ჯი“-ს ცალსახად განუცხადეს, რომ ნანა ლეჟავას გადაცემაში ნაჩვენებ ფოტოზე ნიკა კვინტრაძე არ იყო გამოსახული. მეტიც, მას შემდეგ, რაც „პრესა.ჯი“-მ კვინტრაძის მეგობრებს, მეზობლებსა და ნათესავებს აჩვენა სხვა რაკურსით გადაღებული იგივე ფოტო, მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ინფორმაცია, რომელიც „კვირის რეპორტაჟმა“ გაავრცელა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„პრესა.ჯი“–ს მიერ ექსკლუზიური არხებით მოპოვებულ ფოტოზე ნიკა კვინტრაძედ მიჩნეული მამაკაცი სხვა რაკურსითაა გადაღებული და ფოტოზე მისი სახე კარგად ჩანს. ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, „კვირის რეპორტაჟს“ უფრო ყურადღებით შეესწავლა საკითხი და არა ორიოდ დღეში, თორემ გამოდის, რომ ნანა ლეჟავამ „სკანდალი“ არ გააცივა და ამჯობინა, ცრუ ინფორმაცია გაეშვა ეთერში, ვიდრე კარგად გადამოწმებული და შესწავლილი ფაქტი... მითუმეტეს მაშინ, როდესაც როგორც ნიკა კვინტრაძის მეგობრები აცხადებენ, მას 26 მაისს ლურჯი, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, იმ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, კი, რომელიც „კვირის რეპორტაჟში“ აჩვენეს, მუქი ფერის ჯემპრი აცვია, რომელსაც ყელთან და მკლავებთან თეთრი ზოლები აქვს...

პსტსკრიპტუმი: დაპირებისამებრ, სტატიას თან ერთვის ვიდეომასალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100