სამოდელო სააგენტომ 14 წლის ტყუპი დები კომამდე მიიყვანა (+18)

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, 14 წლის ტყუპ გოგონებს სამოდელო სააგენტოს მოთხოვნების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.


ყველაფერი ძალიან ბანალურად დაიწყო - თინეიჯერები, ისევე როგორც ყველა გოგონა ამ ასაკში, პოპულარობაზე ოცნებობდნენ და ერთხელაც ამის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცათ - ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ მათ მოდელობა შესთავაზა, თუმცა ერთი პირობით - მათ სულ ცოტა 5 კილოგრამი უნდა დაეკლოთ, რათა ღაწვის ძვლები სახეზე გამოკვეთილი ჰქონოდათ. ტყუპები, რომლებიც იმ დროს 50 კილოგრამს იწონიდნენ, მზად იყვნენ ყველაფერზე წასასვლელად, რათა პოდიუმზე მოხვედრილიყვნენ.

საბოლოო ჯამში თავიანთი წონა იმ ნიშნულამდე მიიყვანეს, რომ ექიმის ჩარევა გახდა საჭირო, რადგან ისინი უკვე მოსიარულე გვამებს ჰგავდნენ. როდესაც გოგონების დედა მიხვდა, რომ სპეციალისტის ჩარევის გარეშე ვერაფერს გახდებოდა, თუმცა ლიპეცკელმა ექიმებმა დადარდიანებულ მშობელს უთხრეს, რომ გოგონებს თავად ვერაფერს უშველიდნენ, რადგან პირველ რიგში მათი გონზე მოსვლა იყო საჭირო, სხვაგვარად მკურნალობას აზრი არ ექნებოდა, თუ საკვების მიღებას არ დაიწყებდნენ.

"ვეხვეწებოდი, რომ ეჭამათ, ვეჩხუბებოდი, ვემუქრებოდი, თუმცა არაფერმა გაჭრა. ყველაფერი ძალიან მალე განვითარდა, ყველაზე რთული დაავადება ის ყოფილა, როცა ადამიანი წყვეტს სხვების მოსმენას" - აღნიშნა ტყუპების დედამ.

როგორც სპეციალისტი აცხადებს, ანორექსია ის დაავადებაა, რომელიც წამლებით არ იკურნება, აქ ბევრად უფრო სიღრმისეული მუშაობაა საჭირო, მუშაობა ტვინთან და არა ორგანიზმთან.

ერთ-ერთი და 40 კილოგრამს იწონიდა, ხოლო მეორე - 36-ს. სწორედ ეს უკანასკნელი კომაში ჩავარდა, ამიტომ ტყუპები სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს საშველად. ისინი ახლაც რეანიმაციაში იმყოფებიან და ექიმებს უჭირთ წინასწარი პროგნოზის გაკეთება, რადგან ანორექსიის განკურნება იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

რაც შეეხება სამოდელო სააგენტოს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა გოგონების დაავადების განვითარებაში, მისი წარმომადგენლობა ჯერჯერობით კომენტარს მომხდარის შესახებ არ აკეთებს.




კომენტარი