სამი გარდაცვლილი და 5 დაშავებული, სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მძიმე მდგომარეობით - საშინელი აფეთქება დიდ დიღომში

აფეთქება დიდ დიღომში - არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია სამი ადამიანი, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
დაშავებული ბავშვები იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ადგილიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, მაშველები კი ატარებენ შესაბამის სამუშაოებს და ცდილობენ გაირკვეს, არიან თუ არა ნანგრევებში მოყოლილები. აფეთქება მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა, იგი იმდენად მძლავრი იყო, რომ მოხდა ლიფტის შახტის ჩანგრევაც. ადგილობრივების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, მათ სპეციალისტები გამოიძახეს, თუმცა განუცხადეს, რომ არავითარი პრობლემა არ ფიქსირდებოდა.

„გარდაცვლილია სამი ადამიანი, რაც შეგვიძლია გითხრათ დადასტურებულად, რამდენიმე არის დაშავებული, რომლებიც არის გადაყვანილი სხვადასხვა საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის მოცემა არ შეგვიძლია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, კორპუსი მთლიანად არის ევაკუირებული. საფრთხე არავის სიცოცხლეს მეტი არ ემუქრებათ,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

კუპატაძის თქმით, ერთი ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, რომლის ჯანმრთელობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, სამი ბავშვია გადაყვანილი იაშვილის კლინიკაში, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.

კომენტარი