სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შემჩნეული მქონდა ჩემს მიმართ ინტერესი, პაემანზე დავპატიჟე" - აგრარული უნივერსიტეტის ლექტორმა, რომელსაც სტუდენტი ძალადობაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტი დატოვა

აგრარული უნივერსიტეტის ლექტორმა, რომელსაც სტუდენტი ძალადობაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტი დატოვა - ამის შესახებ თავად ლექტორმა ზვიად ხორგუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ზვიად ხორგუაშვილის თქმით, მან ერთ-ერთ ჯგუფში სტუდენტის პოსტი წაიკითხა, სადაც მისი თქმით სტუდენტმა ძალადობაში დაადანაშაულა.

ლექტორი წერს, რომ სტუდენტთან გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მისი თქმით მას არასოდეს არც ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებია.

„დღეს ერთ-ერთ ჯგუფში ანონიმურმა ადამიანმა, რომელიც იმ უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ვასწავლი, ბრალი დამდო ძალადობაში. ეს ამბავი ჩემთვის სულ 2 საათის წინ გახდა ცნობილი.

მე მივხვდი თუ რომელ ადამიანზეა საუბარი. წლების წინ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც მე აღარ ვასწავლიდი და მისგან შემჩნეული მქონდა ჩემს მიმართ ინტერესი, პაემანზე დავპატიჟე. ჩემსა და მას შორის ასაკობრივი სხვაობაც მცირე იყო, ამიტომ მარტივად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც აშკარაა რომ ჩემი შეცდომა იყო. ჩემი დაპატიჟება მან მიიღო. ჩვენ ორჯერ შევხვდით ერთმანეთს.

არცერთ მათგანზე არათუ ძალადობას, ან მინიმალურ ფიზიკურ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი ( რისი მსგავსიც ცხოვრებაში არ მქონია და არ მექნება), არამედ სიტყვიერი და ემოციური უსიამოვნებაც კი არ მომხდარა.

უსიამოვნება დაიწყო ამის შემდეგ, როცა მე არ გავაგრძელე შემდგომ დღეებში მის მიმართ ინტერესის გამოხატვა. ის გარკვეული დროის მანძილზე ცდილობდა განეახლებინა ჩემი ინტერესი და ახალი პაემანი შემდგარიყო, რაც ასე არ მოხდა. მისმა ინტერესმა და მისგან კომუნიკაციის ინტენსივობამ მიიღო ისეთი ფორმა, რომ მე მომიწია იმის თქმა რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ მსურდა. ამის შემდეგ მას არ გაუგრძელებია ჩემთან ურთიერთობა. ჩემთვის ნათელი იყო მისი რეაქციიდან რომ ის ნაწყენი დარჩა ჩემი ამ გადაწყვეტილებით.

ჩემთვის ძალიან სამწუხარო, შეურაცხმყოფელი და მოულოდნელია რომ მან ასეთი ფორმით და ამდენი ხნის შემდეგ გადაწყვიტა წყენის ცილისწამებლური ფორმით გამოხატვა.

მე მინდა რომ ჩემს მეუღლეს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სტუდენტებს და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ მორალური დისკომფორტისთვის, რაც ჩემს გამო მათ შეხვდათ. ამას გარდა მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, კოლეგებს და კიდეც ერთხელ სტუდენტებს იმის გამო რომ მე თავს უფლება მივეცი რომანტიკულ ურთიერთობაში შევსულიყავი ჩემს ყოფილ სტუდენტთან, რომელიც ასეთი ბინძური ბრალდებით დასრულდა.

ამ შემთხვევის გარდა მე სხვა შემთხვევებიც მქონია რომანტიკული ურთიერთობისა ყოფილ სტუდენტებთან, რომლებიც ჩემივე ასაკის იყვნენ და რომელთა ლექტორიც აღარ ვიყავი. თითოეული მათგანი ცივილიზებულად დასრულდა. მე ვაცნობიერებ რომ ეს ყველა შემთხვევაში იყო სერიოზული შეცდომა. ყოველთვის ვაცნობიერებდი რომ მოქმედ სტუდენთან რაიმე სახის რომანტიკული ურთიერთობა არაეთიკური იყო. ვაღიარებ რომ აქამდე არასწორად ვთვლიდი რომ ადამიანი რომელიც აღარ იყო ჩემი სტუდენტი შესაძლოა ყოფილიყო რომანტიკული ინტერესის ობიექტი.

ამ ყველაფრის გამო მივიღე გადაწყვეტილება და უკვე მივმართე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ჩემს მიერ უნივერსიტეტის დატოვების თაობაზე“ - წერს ზვიად ხორგუაშვილი.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100