სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ევროკავშირს: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ აღმოსავლეთის სამეზობლოს

ბრიუსელი – ევროკავშირი სწრაფად უნდა წავიდეს წინ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავაშირებით, მით უფრო რომ ეს პოლიტიკა დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს და შეიძლება ეკონომიკური პრობლემების დროს განხორციელდეს, როდესაც დაფინანსების პრიორიტეტები სამხრეთ სამეზობლოსკენ ინაცვლებს – განაცხადა ქართველმა მინისტრმა.

„ცხადია რომ მეზობლები აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თავად ევროკავშირის ინტერესებშია ევროპის გადაქცევა ერთიან და თავისუფალ სივრცედ და ეს ვერ მოხდება, თუ საქმეს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლომდე არ მივიყვანთ“ – უთხრა EUobserver-ს გიორგი ბარამიძემ, ქართველმა მინისტრმა, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებზე.

სააღდგომო არდადეგებამდე ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ბარამიძემ განაცხადა, რომ ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს დაპირდნენ თავისუფალი სავიზო რეჟიმის „სამოქმედო გეგმის“ დაწესებას და იმას, რომ დაიწყება მოლაპარაკებები „ღრმა და ყოვლისმომცველი“ თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შემოღებაზე, რაც არ მოითხოვს დიდ დაფინანსებას.

აქ არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის მეტოქეობა არაბულ სამყაროსთან, რადგან ეს სხვა ტიპის სამეზობლოა“ – დასძინა მან.

ევროკავშირი დემოკრატიული ამბოხებების საპასუხოდ, ხელახლა განიხილავს სამხრეთ სამეზობლოს დაფინანსების სტრატეგიას. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანას ძალიან მკაცრი ბიუჯეტები აქვთ და ძალიან სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი ევროკავშირის მომავალი წლის ბიუჯეტშიც აისახება, ქართველი ოფიციალური პირი აღიარებს რომ მისი რეგიონისთვის დიდი დაფინანსების მოპოვების პერსპექტივა სუსტია.

„ფინანსური რესურსების გარეშე ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ეს პოლიტიკური ნების საკითხია – არა მხოლოდ წაახალისო ეს ქვეყნები, არამედ გაუჩინო უფრო მეტი შანსი ევროკავშირთან სწრაფი და მჭიდრო დაახლოვებისა. მე DCFTA-ზე და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე ვლაპარაკობ – ეს საკითხები არ მოითხოვს ევროკავშირისგან დიდ ფინანსურ რესურსებს“ – განაცხადა მან.

უკრაინამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ე.წ. სამოქმედო გეგმაზე. საქართველოც ცდილობს ამ წლის ბოლომდე იგივე მოახერხოს – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ერთადერთია რეგიონში რომელსაც „სასაზღვრო მენეჯმენტის კონსოლიდირებული და ინტეგრირებული სისტემა“ აქვს და უკვე დაიწყო ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, რაც თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღების წინაპირობაა. ის რომ ქვეყანა პატარაა და არა აქვს საერთო სახმელეთო საზღვრები ევროკავშირთან, ასევე შეიძლება უპირატესობად განვიხილოთ – შენიშნა მან.

იმის გამო, რომ მოსკოვიც ასევე სთხოვს ევროკავშირს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და ამ მცდელობაში მას „რამდენიმე მნიშვნელოვანი წევრი-ქვეყანა“ უჭერს მხარს, ბარამიძე ხაზგასმით აღნიშნავს – არ იქნებოდა სწორი, თუ საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოდან უვიზო რეჟიმს რუსეთის შეემდეგ მიიღებს.

„ჩვენ უკმაყოფილებას არ გამოვთქვამთ, მაგრამ ვაფრთხილებთ ჩვენს მეგობრებს – არ იქნებოდა ძალიან გონივრული რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ჩვენამდე – არა იმიტომ რომ ჩვენ პრინციპულად ვართ წინააღმდეგები, არამედ რუსეთის არა კანონიერი პასპორტიზაციის გამო. ეს ძალიან ავნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ევროკავშირის პოლიტიკას“ – განმარტავს ის.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის გამო ომი მოხდა და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, მოსკოვმა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ზოგიერთი მათი მოქალაქისთვის პასპორტები გასცა.

თბილისი ამ პასპორტებს არ სცნობს, მაგრამ მინისტრის თქმით, მისი მთავრობა ახლა ევროკავშირთან კომპრომისულ ფორმულაზე მუშაობს – „ნეიტრალური სტატუსის სამოგზაურო დოკუმენტებზე“, რომლებიც სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

„სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ფაქტობრივ კონტროლს ექვემდებარებიან, რაც იქ რუსული სამხედრო შენაერთებისა და ჯაშუშების უკანონო დისლოცირებითაა მანიფესტირებული, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს ჩვენი ვალდებულებები – ეს ჩვენი რეგიონებია და იქ მცხოვრები ხალხი, ჩვენი ხალხია“ – განაცხადა ბარამიძემ.

შეუიარაღებელი მისია, ე.წ. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია (EUMM), ომიდან სამი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მუშაობს საქართველოში, მაგრამ რუსეთი მათ ორ რეგიონში ისევ უკრძალავს შესვლას.

„მისიის მნიშვნელობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვასა და უსაფრთხოებაზე მომუშავე ერთადერთი საერთაშორისო მისიაა საქართველოში, იმაში მდგომარეობს რომ ის წარმოადგენს ერთგავრ დამცავ ფარს რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად“ – განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების გამოსწორება, რაც აშშ-რუსეთის „გადატვირთვას“ მოჰყვა და აისახა კიდეც დიდი აღმოსავლელი მეზობლისადმი ნატო-ს პოლიტიკაშიც, მოსკოვს საქართველოში არსებული status quo-სა და საზავო შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით, ერთგვარი კომფორტის განცდას უქმნის.

„ევროკავშირმა უფრო მეტი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე, რადგან რუსები ევროკავშირის შუამავლობით დადებულ საზავო შეთანხმებას ძალზე ცინიკურად იგდებენ აბუჩად. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ რეალობა ობიექტურად იყოს ასახული. ჯაშუშს – ჯაშუში უნდა ეწოდოს, ოკუპაცის – ოკუპაცია, ეთნიკურ წმენდას – ეთნიკური წმენდა“ – განაცხადა მან.

გაერთიანებული შეხვედრა რუსეთის მთავრობასა და ევროკავშირის კომისიას შორის თებერვალში, რომელიც მხოლოდ ჩინეთის ხელისუფლებასთან მსგავს სესიას შეედრებოდა ისეთი ფორმატია, რომელშიც საქართველოს მთავრობა ჯერ არ განიხილება.

„ჩვენ იმის თქმა არ გვინდა, რომ ევროკავშირისთვის მიმზიდველი მხოლოდ დიდი ქვეყნებია, გაფართოვების წლებმა საპირისპირო დაადასტურა, მაგრამ ჩვენ გვესმის ვინ ვართ, გვინდა რეალისტები ვიყოთ და მაქსიმალურად თავდაუზოგავად ვიმუშავოთ“ – განაცხადა ქართველმა მინისტრმა.

როდესაც ვკითხეთ რის თქმას ურჩევდა კომისიის ხელმძღვანელს ხოსე მანუელ ბაროზოს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ მომავალ შეხვედრაზე საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მან გვითხრა:

„მე ვფიქრობ, ევროკავშირს საკმაოდ კომპეტენტური ხელმღვანელობა ჰყავს და მათ იციან როგორ ილაპარაკონ სწორად, როგორ უთხრან რთული რამ რთულ პარტნიორს. პრობლემის აღიარების გარეშე, ჩვენ მას ვერ გადავჭრით. ჩვენ გვესმის, რომ ამას დრო დასჭირდება და ჩვენ მოთმინებისთვის მზად ვართ“.

euobserver.com

წყარო: foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100