ყველაზე განმაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები

წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.

უხრწნელი სხეულები. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ მიმდინარეობებში ზოგჯერ ხდება ისე, რომ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეული დიდი ხნის განმავლობაში არ იხრწნება ან ეს პროცესი უკიდურესად შენელებულია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში უხრწნელობა აუცილებელი ფაქტორია ვისიმე კანონიზაციის (წმინდანად შერაცხვის) დროს, კათოლიკურ ეკლესიაში კი წმინდანობის ნიშნად ითვლება, მაგრამ არა – აუცილებლობად. ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა – სხეული არ უნდა იყოს ბალზამირებული, არ უნდა ეტყობოდეს რაიმე ხელოვნური პროცესის ზეგავლენის კვალი, არ უნდა იყოს დაცული რაიმე ტექნოლოგიით და ა.შ. უხრწნელი სხეულები სავსებით მოქნილია, თითქოს უბრალოდ სძინავთ. ასეთ სხეულებს აქვთ განსაკუთრებული მოტკბო სუნი, რასაც კათოლიკურ ეკლესიაში “სიწმინდის სურნელს” უწოდებენ და ყვავილისას მიაგავს. დღესდღეობით უამრავი სხეულია, რომლებიც საუკუნეებია, უხრწნელად ინახება. სურათზეა წმინდა ბერნადეტა სუბირუ, ის 1879 წელს გარდაიცვალა.

ტერეზა ნეიმანი (1896-1962). ტერეზა ნეიმანი იყო გერმანელი კათოლიკე მისტიკოსი და სტიგმატი. 1918 წლის 10 მარტს ბიძის ბეღელში გაჩენილი ხანძრის დროს ტრავმა მიიღო და ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ტრავმა მიიღო, 1919 წელს კი მხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგა, თუმცა სრულად აღუდგა 1923 წლის 29 აპრილს – ეს ის დღე იყო, როცა რომში ტერეზა ლიზეელის წმინდანად შერაცხვა დაიწყო. 1926 წლის 5 მარტს, დიდი მარხვის პირველ პარასკევს, განაცხადა, რომ იესო იხილა სამ მოციქულთან ერთად ზეთისხილის მთაზე, აღდგომის კვირას კი – იესოს მკვდრეთით აღდგომა. ამის შემდეგ მომდევნო პარასკევ დღეებში ამბობდა, რომ იესოს ვნებანს საკუთარ თავზე განიცდიდა, გრძნობდა იმ ტკივილს, რაც მესიამ გადაიტანა. 1926 წლის 5 ნოემბერს თავზე, ზურგსა და მხრებზე 9 ჭრილობა გაუჩნდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ეს ჭრილობები არასდროს შეხორცებია, მაგრამ არც დაუავადებია და სიკვდილის დროსაც ისევე ჰქონდა. ამბობენ, რომ 1922-1962 წლებში ტერეზა ნეიმანი არანაირ საკვებს არ იღებდა, გარდა ზიარებისა, 1926 წლიდან კი წყალიც არ დაულევია. ამას ადასტურებენ ექიმი და 4 ფრანცისკანელი მონაზონი, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში მონაცვლეობით მუდმივად აკვირდებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტერეზამ მხოლოდ წმინდა საკვები მიიღო და ამ პერიოდში არ დაავადებულა, არ დაუკლია წონაში, არც გამოფიტულა.

აკიტას ქანდაკება (1973-1975). 1973 წელს ახალგაზრდა იაპონელ მონაზონს, აგნეს კაცუკო სასაგავას, ხილვები დაეწყო, სადაც წმინდა მარიამი ეცხადებოდა. 28 ივნისს მას მარცხენა ხელზე გაუჩნდა ჯვრის ფორმის ჭრილობა, საიდანაც უხვად მოსდიოდა სისხლი და დიდ ტკივილს აყენებდა. 6 ივლისს აგნესი სამლოცველოში ლოცულობდა, როცა ღვთისმშობლის ქანდაკებისგან წამოსული ხმა გაიგონა. ქანდაკება კაცურას ჯიშის ხის მორზე იყო გამოკვეთილი, სიმაღლეში დაახლოებით 1 მეტრამდე. იმავე დღეს რამდენიმე მონაზონმა შენიშნა, რომ ქანდაკებას მარჯვენა ხელიდან სისხლის წვეთები სდიოდა. ასე გრძელდებოდა, სანამ 29 სექტემბერს სისხლისდენა არ შეწყდა. შემდეგ შენიშნეს, რომ ამჯერად ქანდაკებას ცვარის მსგავსი სითხე სდიოდა, განსაკუთრებით უხვად – შუბლსა და კისერზე. ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 4 იანვარს, ღვთისმშობლის ქანდაკებას ცრემლები წამოუვიდა. ცრემლდენა გარკვეული ინტერვალით მეორდებოდა 6 წლისა და 8 თვის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, 101 შემთხვევა დაფიქსირდა. აკიტას უნივერსიტეტის პროფესორმა მედიცინის დარგში, დოქტორმა საგისაკამ შეამოწმა ქანდაკებიდან აღებული ცრემლები და სისხლი და დაადასტურა, რომ ისინი ადამიანური წარმოშობის იყო. ამ მოვლენების დროს აგნესი აბსოლუტური სიყრუისგან განიკურნა.

წმინდა მარიამი ლურდესში (1858). 1858 წლის 11 თებერვლიდან დაიწყო ღვთისმშობლის გამოცხადებები საფრანგეთში, ლურდესის კომუნაში. 14 წლის გოგონამ, ბერნადეტა სუბირუმ, წმინდა მარიამი იხილა მასაბიელის გამოქვაბულში, ლურდესიდან 1 მილის მოშორებით , როცა მის დასთან და მეგობართან ერთად შეშას აგროვებდა. მოგვიანებით ეს ამბავი დედას მოუთხრო სახლში მისვლისას. იმ წელიწადს მსგავსი რამ 17-ჯერ განმეორდა. ერთ-ერთი გამოცხადების დროს ბერნადეტას წმინდა მარიამმა უბრძანა, კლდესთან ახლოს ამოეთხარა და იქიდან ამოსული წყაროს წყალი დაელია. მითითებულ ადგილას ტალახიანი გუბე იყო, მაგრამ როცა ბერნადეტამ თხრა დაიწყო, იქიდან სუფთა წყალმა ამოხეთქა – ეს იყო გამოქვაბულში არსებული წყლის მარაგი. მას შემდეგ ამ ადგილს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, ფიქსირდება წყაროთი განკურნების შემთხვევებიც. კათოლიკურმა ეკლესიამ გამოიკვლია მოვლენა და განაცხადა, რომ ეს ნამდვილად ზებუნებრივი და ღვთიური ფენომენი იყო.

იოსებ კუპერტინოელი (1603-1663). იოსებ კუპერტინოელი იტალიელი წმინდანია. გადმოცემით, ის არც ისე განათლებული და ჭკვიანი იყო, თუმცა სხვების თანდასწრებით ხშირად ყოფილა ლევიტაციის მდგომარეობაში, ჰქონდა ზებუნებრივი ხილვები. ის ითვლება საჰაერო მოგზაურთა, მფრინავთა, გონებრივად შეზღუდულთა მფარველად. 1630 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ კუპერტინოში წმინდა ფრანცისკ ასიზელის ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. იოსები სხვებს ეხმარებოდა პროცესიაში, როცა უეცრად ჰაერში აიწია და უამრავი ადამიანის წინაშე ასე დარჩა. როცა დაეშვა და გაიაზრა, რა მოხდა, შეცბუნდა, დაიბნა და სახლში გაიქცა დასამალად. ეს იყო პირველი შემთხვევა იმ მრავალი ფრენიდან, რომლის გამოც მას შეარქვეს “მფრინავი წმინდანი”. მათგან ყველაზე ცნობილი იყო რომის პაპ ურბან VIII-ს გამოსვლის დროს. როცა იოსებმა დაიჩოქა, რათა პაპს ტერფზე მთხვეოდა, მოულოდნელად მისი სხეული ჰაერში ალივლივდა. 1663 წელს, ბოლო მესის დროს, მას რამდენჯერმე ჰქონდა ხილვა და ლევიტაციის გამოვლინებები, რაც ათასობით ადამიანმა იხილა.

კომენტარი