"Hurriyet": საქართველო და ნაჩქარევი შედარებები

სემ ოგუზი

საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას სავარაუდოდ შიდა არეულობის ახალი ტალღა ემუქრება. გასული კვირის პოპულარულ საპროტესტო აქციებზე, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელსაც მისი ერთ-ერთი ყოფილი თანამებრძოლი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტის უპირობო გადადგომას მოითხოვდნენ

დემონსტრაციებმა უმალ მიიპყრო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, რომელიც ახლო-აღმოსავლეთის ბოლოდროინდელმა პოპულარულმა აჯანყებებმა გაიტაცა. დასავლური მედიის გარკვეული სეგმენტი, კერძოდ კი ისინი, ვინც მოვლენებს მოსკოვის ოფისებიდან აკვირდებიან, დემონსტრაციებს არაბული გაზაფხულის ტალღას ადარებდნენ, რომლის სამიზნეც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გახდა.

ამ კარტს ბურჯანაძეც ათამაშებდა. მან სააკაშვილი პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და ამტკიცებს, რომ საქართველოში უდაოდ „ახალი რევოლუცია“ დაიწყო. იმით რომ აქციები საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩასაშლელად თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე დაიწყო, როგორც სჩანს ოპოზიცია ქვეყანაში „ტაჰრირის მოედნის ეფექტის“ შექმნას ცდილობდა. პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათი ქმედებები იმ პოპულარული აჯანყებების მსგავსია, რომლებმაც ბოლო დროს ახლო-აღმოსავლეთი მოიცვა.

მას შემდეგ რაც სააკაშვილი დემოკრატიული ოპტიმიზმის ტალღაზე, 2003 წლის ცნობილი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობა დაემხო, მის მიმართ შერეული გრძნობები მაქვს. ერთის მხრივ მე ვაფასებ მის რეფორმებს, უპირველესად მის ბრძოლას კორუფციასთან. თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში მიმოგზაურია და ვიცი, რომ სწორედ ამ ყოველდღიური ცხოვრების ინსტიტუციონალიზაციის ფენომენმა ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია.

მეორეს მხრივ მე კრიტიკულად ვარ განწყობილი სააკაშვილის ავტორიტარული ტენდენციების და მისი ზედმეტი თვითდაჯერებულობის მიმართ, რისი საუკეთესო ილუსტრირებაც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პრობლემების სამხედრო ძალით გადაწყვეტის მცდელობა იყო. სინამდვილეში იმ დღეებში მისი მხრიდან ძალის გამოყენების გადაწყვეტილება, ერთგვარი თვითგანადგურების აქტი იყო. ძალიან ცხადი გახლდათ, რომ კოსოვოს კრიზისის გამო, რუსეთის პასუხი ძალიან მკვეთრი იქნებოდა. მას ვისაც გულწრეფელად სურს იმის გაგება, თუ რამ უბიძგა სააკაშვილს ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ, ის მხარდაჭერა უნდა გაიხსენოს, რომელსაც მას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ნეოკონები, კერძოდ კი იმ პერიოდის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი უწევდა.

მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ტიპის გარემოებები, რომლებიც მე ჩამოვთვალე არ არის საკმარისი მისი გადადგომის მოთხოვნისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმის შედარება რაც საქართველოში მოხდა ახლო-აღმოსავლეთის პოპულარულ აჯანყებებთან უბრალოდ ნონსენსია. მიზეზები მარტივია:

ახლო-აღმოსავლეთში ცვლილებების მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდობა წარმოადგენდა, რომლის მოტივაციაც უიმედობა და ამავდროულად სიტუაციის მიუღებლობა იყო. საქართველოში ბოლოდროინდელი აქციების მონაწილეები დიდწილად ხანშიშესული ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ დაბალ პენსიებთან და მზარდ ფასებთან გამკლავებას. პრეზიდენტით მათ უკმაყოფილებას დიდწილად ის განსაზღვრავს, რომ ეს უკანასკნელი სიღატაკეს ვერ გაუმკლავდა. ახალგაზრდობისთვის პირიქით, სააკაშვილი იმედთან ასოცირდება და ისინი ამა თუ იმ ფორმით რეჟიმთან თანამშრომლობენ. არც მათ და არც იმ საშუალო კლასს, რომელიც ბოლო დროს შეიქმნა, არ სურთ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოსთან და კორუფციასთან დაბრუნება, რომელიც ანგრევდა ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე.

და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახლო-აღმოსავლეთის პოპულარული აჯანყებები ღრმა უკმაყოფილებამ წარმოქმნა. ის სპონტანური იყო, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც „ახალი რევოლუციის“ ინიციატივა ზევიდან მოდის და აკვიატებულ იდეას ჰგავს. შესაბამისად, ოპოზიციას არა აქვს საქართველოში საკმარისი ნდობა რიგითი ქართველების მხრიდან. ისინი გახლეჩილები არიან. მაგალითად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ბურჯანაძის აქციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

არსებობს კიდევ ერთი ფინალური მახასიათებელი, რომლის ხაზგასმაც აუცილებელია: საქართველოში არა ერთი ვიზიტის დროს, მე შევამჩნიე ის, თუ რამდენად ნაციონალისტია ქართველი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. სანამ არსებობს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომლის დამოკლეს მახვილიც სააკაშვილის თავზეა აღმართული, ქართველი ხალხი განაგრძობს საკუთარი პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანებას. ანუ ვის გაეხარდება საკუთარი პრეზიდენტი იხილოს „კვერცხებით ჩამოკიდებული“ სხვა ქვეყნის ლიდერის მიერ, როგორც ამას ასე ხატოვნად იქადნიდა პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

კომენტარი