"ჩვენ, სვანები ადამიანობასა და ღირსებას დაბადებიდან ვსწავლობთ" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ 17 წლის სპორტსმენ ბერდია მერლანთან

სვანეთში ცხოვრობს, მთის შვილია და ამიტომაც, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ კლდეზე ცოცვაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. 17 წლის უსიმპათიურესი, სვანების საამაყო ახალგაზრდა ბერდია მერლანი სპორტთან ერთად სწავლასაც დიდ ყურადღებას უთმობს და ამ კუთხითაც უამრავი წარმატება აქვს. ბერდია სვანეთში სწავლობს და ვარჯიშობს. ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

დრონი.ჯი წარმატებულ და ნიჭიერ სპორტსმენს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ბერდია, როგორც ვიცით, საკმაოდ წარმატებული ხარ კლდეზე ცოცვის სპორტის სახეობაში, მოგვიყევი შენი წარმატებების შესახებ.

- თორმეტი წლის ვიყავი პირველად, როცა ამ სპორტით დავინტერესდი და დავიწყე აქტიურად ვარჯიში. ბევრი კარგი შეჯიბრი იყო დაწყების დღიდან დღემდე. მადლობელი ვარ ჩემი ტრენერის მიშიკო მჭედლიანის, მე ამ ადამიანმა შემქმნა. ძალიან ბევრი გასტროლი შედგა სხვადასხვა ქვეყანაში. ავსტრიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში ქართველ მეკლდეურებს არ გვაქვს იმის საშუალება, ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. პირობები არ გვაქვს გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა წინ მიდის და იმედი გვაქვს გამოსწოდება.

- ბერდია, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს ჩატარებულ ქართული ენისა და ლიტერატურის ტურში, საქართველოს მასშტაბით, პირველობა მოიპოვე და კაბადოკიაში იყავი მიწვეული. ამბობენ, რომ ვარჯიშთან ერთად სწავალსაც დიდ ყურადღებას უთმობ...

- კი, ვცდილობ ბალანსი დავიჭირო და სპორტის პარალელურად ვისწავლო. ბევრი გეგმა მაქვს, ახლა ინგლისური ენის ტურისთვის ვემზადები. ამერიკაში ვგეგმავ სასწავლებლად წასვლას. რა თქმა უნდა, სპორტს ისევე აქტიურად მივაქცევ ყურადღებას, როგორც აქამდე. ვფიქრობ, ამერიკაში უფრო მეტის საშუალება მომეცემა, როგორც სწავლის, ასევე აღნიშნული სპორტის უკეთ დაუფლების კუთხით. ვნახოთ რა იქნება.


- შენი ყველაზე წარმატებული შეჯიბრი?

- ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ბოლოს ჩატარებულ, მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირში,“მიხეილ ხერგიანის მემორიალი“-ს ტიტული მომენიჭა. თასი სვანეთში დარჩა. გარკვეულწილად სიმბოლური იყო ეს ყველაფერი.

- შენი წარმატებისა და ვიზუალის გამო, ბევრს მოსწონხარ. ხარ თუ არა შეყვარებული?

- არც ისე ბევრს მოვწონვარ. (იცინის) შეყვარებული არ ვარ. რაც შეეხება ყურადღებას, ვის არ სიამოვნებს?!

- სად გეგმავ უახლოეს მომავალში წასვლას?

- ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა უახლოეს მომავალში გეგმაში ესტონეთი არის.

- და ბოლოს, რას ნიშნავს შენთვის იყო სვანი?

- ჩვენ, სვანები, ადამიანობას და ღირსებას დაბადებიდან ვსწავლობთ, სვანეთი გვასწავლის. ჩემთვის სვანობა ბევრს ნიშნავს და მეამაყება.

კომენტარი