სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამხედრო მონიტორი: ოკუპაციიდან სამი წლის თავზე რუსული ბაზები სოკოებივით მრავლდებიან

საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ 3 წელი გავიდა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ჯეიმს ბრუკმა შიდა ქართლში კონფლიქტისპირა სოფლები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მას მეგზურობას ევროკავშირის სამხედრო მონიტორი ადამ ბარტნიცკი უწევდა. ეს უკანასკნელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას უწევს მეთვალყურეობას. მისი ბინოკლიდან კარგად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ორი ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა.

ჩვენი პასუხისმგებლობის რაიონში უკვე 12 რუსული სასაზღვრო ბაზაა მოხვედრილი. ისინი სოკოებივით მრავლდებიან,“ - ამბობს ადამ ბარტნიცკი.

ბაზას მაღალი ღობე და უსაფრთხოებისთვის დაყენებული ძლიერი პროჟექტორები იცავს. ახალ ბაზებზე 5 ათასამდე რუსი სამხედრო იქნება განთავსებული, რაც ათჯერ აღემატება ომამდელ პერიოდში მათ რაოდენობას.

სასაზღვრო სოფელ ერგნეთში ცოტაოდენი მოსახლე თუ შემორჩენილი. ერთ–ერთი მათგანი ლია ჩლაიძეა. მისი კარმიდამო ომის დროს დაიწვა. ლია ჩლაიძე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს რუსულ ენაზე ესაუბრა:

ჩემი მშობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან დაკრძალული. ვინ იცის როდის შევძლებ მათი საფლავების მონახულებას. ეს ადამიანთა ტრაგედიაა. ამაზე საუბარი ცრემლის გარეშე არ შემიძლია.“

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში კი ძლიერდება დებატები იმის თაობაზე, უნდა აღინიშნოს თუ არა ომის სამი წლისთავი. ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, მიიჩნევს რომ – არა, რადგან მისი თქმით, დამარცხებულები არ ზეიმობენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვაგვარი აზრი აქვთ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ამბობს, რომ მთავრობა აღნიშნავს კრემლის დამარცხებას, რომ რუსებმა საქართველოში ავტორიტარული და თავიანთი მეგობარი მთავრობის შექმნა ვერ შეძლეს.

ჩვენ გადავრჩით. ეს იყო ძალინ სერიოზული მცდელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დანგრევისათვის. ამ ომის მთავარი მიზანი არ იყო მხოლოდ ამ ორი რეგიონის ოკუპაცია. მიზანი იყო ამჟამინდელი მთავრობის და ამჟამინდელი რეჟიმის დამარცხება, მიზანი საქართველოში რეჟიმის შეცვლა იყო,“ - ამბობს თორნიკე გორდაძე.

ამჟამად საქართველოში ამერიკელი საზღვაო ქვეითები იმყოფებიან და ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან. როგორც ოფიციალურად არის დეკლარირებული, ქართველებს ავღანეთისთვის ამზადებენ. თუმცა, ბევრი ამას აღიქვამს, როგორც დასავლეთის გზავნილს რუსეთისთვის, რომ ისინი მათ არმიას ყურადღებით აკვირდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100