გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 60 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა გვიან რამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დაკავებულია.

გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში დაჭრილ მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს - 1968 წელს დაბადებულ ი.ი.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარი