"მიტროპოლიტმა იპოდიაკონად აკურთხა ცრუ ბერი...საქართველოს ეკლესიას დედა უტირეს, პატრონი აღარ ჰყავს!" - დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ იპოდიაკონად აკურთხა გიორგი "გაბრიელ" კოკოლიშვილი, რომელსაც გასული წლის სექტემბერში საპატრიარქო ცრუს უწოდებდა.

"საქართველოს ეკლესიას დედა უტირეს, პატრონი აღარ ჰყავს!

ტყიბულისა და თერჯოლის გონებავნებულმა მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ (ტრუბაში გამძვრალი მიტროპოლიტი არ გეგონოთ, აკადემიკოსი დოქტორი მიტროპოლიტი ვარო, კამერებთან რომ იქადოდა ამ ბოლო წლებში) დღეს იპოდიაკონად აკურთხა ცრუ ბერი და რელიგიური შარლატანი გიორგი "გაბრიელ" კოკოლიშვილი, რომელზედაც გასული წლის სექტემბერში გვაუწყებდა საპატრიარქო, ცრუა და არ გაეკაროთო. ეს ის ცრუ ბერია, რომლის ბილწისიტყვაობის და სასულიერო ხარისხის შეურაცხმყოფელი ვიდეოც ნეტში გავრცელდა შარშან.

ახლა რას იტყვის საპატრიარქო??? თქვენ გახრწენით, სრულ ანარქიასა და ჭაობში ჩააგდეთ საქართველოს წამებული უძველესი ეკლესია! არ დატოვეთ პათოლოგი, ავაზაკი, კრიმინალი, რომ სასულიერო წოდებები არ მიგეცათ და ანაფორით არ შეგემოსათ! სამარცხვინო მასხარა ეპისკოპატით აი ეს შედეგი დადო ილია მეორის 44 წლიანმა პატრიარქობამ", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 2020 წლის სექტენბერში, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ.

კომენტარი