რამდენი ქართული სოფელი აჩუქა ბადრი ბიწაძემ სომხეთსა და აზერბაიჯანს?

“დრონი.ჯი” პირადად შეესწრო მომიტინგეებს შორის გამართულ ამ დიალოგს, რომლის მიხედვითაც, თურმე, ნუ იტყვით და, თურქეთის მთავრობა, სააკაშვილის დავალებით, ჰაერში ისვრის სპეციალურ რაკეტებს, რათა ნალექი საქართველოს მხარეს წამოვიდეს და მომიტინგეები წვიმამ შეაშინოს. ერთ-ერთი ქალბატონის მტკიცებით კი, ამაში საბერძნეთის ხელიც ურევია. ყველაფრის მცოდნე მომიტინგეებს ეჭვი იმანაც გაუმყარა, რომ უკვე მერამდენედ, დათქმულივით, 6 საათი შესრულდა თუ არა, წვიმამ დასცხო. ხალხში კი ასეთი ჩურჩული ატყდა.
- რა უბედურებაა კაცო, რაღა 6 საათზე იწყება ეს წვიმა ყოველდღე. აქ რაღაცაშია საქმე - იჭვნეულობს ერთი ქალბატონი.
- რაღა რაღაცაშია საქმე, ქალბატონო... რა, არ იცით, რომ მიშამ თურქეთის მთავრობასთან მოილაპარაკა და რაც შავი ზღვის თავზე ღრუბელია, ყოველდღე აქეთ გადმოდენიან თურქები. საამისოდ სპეციალური რაკეტები არსებობს და ყოველდღე იმას ისვრიან ჰაერში. – უპასუხა ერთმა ახალგაზრდამ.
- მართლა? – შეიცხადა ქალბატონმა, - ის მართლა იზამს ამას.
- კი, ქალბატონო, კი - არ ჩერდება მამაკაცი, - თან ფულს უხდის თურქეთის მთავრობას, იმათ პრემიერ-მინისტრს მოელაპარაკა, თურქების ხეირიც ის არის, რომ იქ საკურორტო სეზონი რა ხანია დაიწყო, აქ კი წყალმა წაიღო ყველაფერი.
- მარტო თურქეთის ღრუბელი არ იქნება აქანე, - ცას ახედა დასავლური აქცენტიტთ მოლაპარაკე ხანში შესულმა ქალმა, - აქ საბერძნეთის ღრუბელიც იქნება უეჭველად, ბერძნებიც გადმოდენიან ღრუბელს და “ჩერეზ” თურქეთი შემოვა ჩვენთან... და მიშა ბერძნებს არ გადაუხდის ფულს თუ იმათ არ აქვთ ისეთივე რაკეტები?
მოკლედ, დაადგინეს რომ მიშა ღრუბელს თურქეთიდან და საბერძნეთიდან ყიდულობს, რათა ყოველდღიურად იწვიმოს მიტინგზე და აქციები ჩაშალოს. ცხადია, ამაში სააკაშვილი საბიუჯეტო ფულს იხდისო.
ამ დროს კი, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უკვე სიტყვით გამოდიან. სალომე ზურაბიშვილმა კვლავ მზადყოფნა გამოთქვა შს მინისტრის მოადგილედ მუშობაზე და პირობა დადო - თუ იქ წავედი და საშუალება მომეცა, ყველაფერს ვიღონებ რომ პოლიცია პოლიტიკისგან გავათავისუფლოო.
მერე ისევ თავისებურად გააგრძელა - ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია და მალე პოლიტიკურ მოუსავლეთში გავგზავნითო. ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რაღა უნდა ქალბატონ სალომესა და მის პლასტმასის საყურეებს იმ მთავრობაში, რომელსაც მოუსავლეთში წასვლას უწინასწარმეტყველებს?
ბეჟან გუნავამ კი, სიტყვა პოლიციიის სამმართველოსთან დაკავებული ახალგაზრდების მხარდაჭერით დაიწყო და ალბათ, ყველაზე გაოცებული თვითონ იყო იმით, რომ 9 აპრილიდან მოყოლებული არაერთი პროტესტანტი სცემეს, ოპოზიციის ლიდერებს შუბლში პლასტიკური ტყვიები დაასვეს, რამდენიმე კაცი დაიჭირეს, ის კი ხელუხლებლად გადაურჩა ამ ყველაფერს.
ყველაზე ფათერაკიან ოპოზიციონერს, ბეჟან გუნავას ხომ ისეთი იღბალი აქვს, სხვისთვის მოქნეული ხელი თუ ხელკეტი მას ხვდება ყოველთვის.
"ქრონიკულმა მსხვერპლმა" ვერც ახლა მოითმინა და ხალხს მოუწოდა - წავიდეთ ისევ პოლიციის სამმართველოსთან ამ საღამოს და, დაე გვცემონ, დაგვარბიონ, ამით ეს ხელისუფლება თავის დასასრულს დააჩქარებსო - აქ უკვე აშკარად თავის ამპლუაში იყო ბეჟან გუნავა, რომელსაც ეტყობა, ზურგი ექავება და მზად არის პოლიციამ სცემოს და ზედაც გადაუაროს. მე შენ გეტყვი და, პირველი იქნება ან უკანასკნელი?
ოპოზიციის მხარდამჭერი ვახტანგ ჯორჯაძე ყოველ დღე დადის მიტინგზე, აქციას არ აცდენს. ინტერვიუზეც არ უთქვამს უარი.
"დრონი.ჯი": ბატონო ვახტანგ, რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ, რა გზა დარჩა, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოს?
- ეს გზა ყველაზე ეფექტურია, რასაც ვადგავართ _ პერმანენტული საპროტესტო აქციები და რაიონებში ხალხთნ გასვლა.
- მერე ხელისუფლებას მობეზრდება ამ აქციების ყურება და გადადგება?
- არა, არ მობეზრდება და არც ასე მარტივად წავა, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ?
- თქვენ რომელ პარტიას და ლიდერ უჭერთ მხარს? - მე საქართველოს და მის თავისუფლებას ვუჭერ მხარს.
- ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთნაირად გჯერათ?
- ერთნაირად არა ისა... ასეთებიც არიან და ისეთებიც. აქ ის ხალხიც არის, ვინც სააკაშვილის მთავრობაში კარგახანს იყო და დიდი დანაშაულიც ჩაუდენიათ, მაგრამ, ეს ხალხი ახლა თავიანთ დანაშაულს ინანიებს, გამოისყიდის.
- დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ თუ ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლას, რომ ძველი დანაშაული ხალხმა არ მოჰკითხოს?
- არც ეგაა გამორიცხული.
ქალბატონ ნათელა ჟამირაშვილსაც ეჭვი ეპარება ზოგიერთი ოპოზიციონერის პატიოსნებაში, თუმცა მიტინგზე მაინც დადის, ამბობს, რომ საკმარისი შემოსავალი არ აქვს.
"დრონი.ჯი": ქალბატონო ნათელა, თქვენი აზრით, როდის წავა მიშა?
- მიშა არ წავა და ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
- დარწმუნებული ხართ, რომ მიშას გადადგომის მერე ქვეყანა აყვავდება? ვთქვათ ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ზურაბიშვილი, ოქრუაშვილი, ხაინდრავა, მოვიდნენ...
- ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ვინც ჩამოთვალეთ, მაგათაც.
ამ დროს ნინო ბურჯანაძის გამოსვლის რიგმაც მოაღწია. მან დაგმო პოლიციის სამმართველოსთან აქციის დარბევის ფაქტი, მერე კი მამისონის უღელტეხილს გადასწვდა, რუსებს მიშამ დაუთმო ზემო რაჭა და საზღვარი 20 კილომეტრით აქეთ გადმოსწიაო.
კაცი დაიჯერებდა ამ ქალბატონისას, მაგრამ ამ სიტყვების მერე ბევრი მომიტინგე უხერხულად შეიშმუშნა და კანტი-კუნტი ტაში გაისმა.
რატომღაც ნინო ბურჯანაძეს 2 წლის წინ 7 ნოემბერს არ შეუხსენებია სპეცნაზელებისთვის ნამუსი და რატომღაც მაშინ ვერ ამჩნევდა ასიათასამდე მომიტინგეს და დაჟინებით აცხადებდა, 20-30 ათასზე მეტნი არ არიანო.
ახლა კი, ყოველი გამოსვლისას, დაჟინებით ამბობს, ასეულ ათასობით მხარდამჭერი გვყავსო. ეტყობა, ბურჯანაძეს მიტინგზე დგომით რეტი ესხმის და ერთი ათად ეჩვენება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში პირიქით იყო - ათი ერთად ეჩვენებოდა.
ეს ის ნინო ბურჯანაძე არ არის, ამ ხალხს სულ მარგინალებს და რუსეთის აგენტებს რომ ეძახდა?
ანდა რა როგორ ლაპარაკობს ბადრი ბიწაძის მეუღლე მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებულ ჯერაც გაურკვეველ სკანდალზე, როცა სწორედ ბადრი ბიწაძის დროს გაგვიხდა სადაო და ალბათ დავკარგეთ კიდეც დავით გარეჯის კომპლექსთან 8 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი?
სწორედ ბიწაძის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შეფობისას დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სტრატეგიული ქედი უდაბნოში და ქართველ მეფეთა რეზიდენცია უნიკალური მხატვრობით - ბერთუბნის მონასტერი ახლა აზერბაიჯანელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და იქ ქართველ ღვთისმსახურებს არ უშვებენ.
როცა ბიწაძეს სასულიერო პირებმა შეუთვალეს, მოდი და საზღვარი დაიცავიო, შეუთვალა – ჩემს მესაზღვრეებს გველების ეშიანიათო.
ამ დროს მამა ილარიონი მარტოდმარტო უმკლავდებოდა მოძალადეებს და მისი დამსახურებაა, რომ კიდევ აქეთ არ გადმოიტანეს საზღვარი.
ბიწაძის კისერზეა აგრეთვე სამცხეში დაკარგული რამდენიმე სოფელი, რომელიც სომხებმა, ფაქტობრივად, მიიერთეს.
ასევე წითელხიდთან დაკარგული რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი. ბიწაძემ ვერსად ვერ შეძლო საზღვრის დემარკაცია, ისე წავიდა თანამდებოდბიდან.
ცხადია, თუ ბურჯანაძე მოვა ხელისუფლებაში, ბადრი ბიწაძეს ამ ცოდვებს არავინ მოჰკითხავს, ჩამოაწერენ ისევე, როგორც ანზორ ბუჯანაძეს ჩამოაწერეს 11 მილიონიანი თურქული კრედიტი, რომელიც დღემდე კაცმა ვერ გაიგო სად დაიხარჯა.

კომენტარი