სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ნათაძე: უპირობო დიალოგი რუსეთთან, ეს უკვე სახელმწიფოს ღალატია

„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ნოდარ ნათაძე „დრონი ჯი“-თან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო გაკოტრებულია, ვინაიდან მან მთელი თავისი აგენტურა აამოქმედა საქართველოს წინააღმდეგ.
ნათაძის აზრით, დასავლეთი რუსეთს ეკონომიკურად გააკოტრებს და დაანგრევს. კრემლში მორბენალთ კი პოლიტიკოსებს არ უწოდებს და მიაჩნია, რომ ისინი საქართველოს მოღალატეები არიან.
„დრონი. ჯი“: როგორ აფასებთ კრემლთან დაახლოების მსურველ პოლიტიკოსთა რიცხვის მატებას?
ნოდარ ნათაძე: ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომელიც დარბის კრემლში, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსია თუ არა, არის ნაძირალა და არ არის ოპოზიცია. ისინი წარმოადგენენ რუსეთის აგენტურას.
ხელისუფლებაშიც არის რუსეთის აგენტი. 90-იანი წლების შუა ხანს ვიცოდი, რომ რუსებს საქართველოში ამოქმედებული ჰყავდათ თავისი აგენტურის ერთი მეოთხედი. ახლა უკვე ასი პროცენტი ამოძრავებულია. ეს მეტყველებს კრემლის გასაჭირზე, მათ შესანახი არავინ დარჩათ. ნიღაიდელის მსგავს კაცზე რომ დადებენ თავის ფოსტას და ბურჯანაძისნაირზეც დადებენ ფოსტას, ეს სახელმწიფო (რუსეთი) Uუკვე გაკოტრებულია.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ქართულ ოპოზიციას სურს დიალოგი კრემლთან, ის რუსეთის ხელისუფლებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა შეხვდეს. რას ნიშნავს ეს განცხადება?
- მან უარესიც განაცხადა, რომ საქართველოში არის ოპოზიცია, რომელსაც სურს უპირობო დიალოგი. მან ეს ფაქტად აღნიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც კრემლში დადის, გაყიდულია.
უპირობო დიალოგი რუსეთთან, ეს უკვე სახელმწიფოს ღალატია. რუსეთს აქვს ცნობილი ჩვენი ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მას აქვს ჩვენთან ხელშეკრულება დადებული, რომლითაც ნებისმიერ მომენტში აძლევს საშუალებას განაახლოს ომი.
მასთან დღეს უპირობო საუბარი ღალატია. ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ემყარება დასავლეთის უპირობო მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა ემყარება საზოგადოებრივ აზრს, რომ საქართველო მთლიანად წინააღმდეგია რუსული ოკუპაციისა. ვინც დღეს კრემლთან საუბრობს, ყალბ დემონსტრაციას აკეთებს იმისა, რომ საქართველოს ნაწილი არ არის რუსეთის წინააღმდეგი.
- ვინც დღეს კრემლში ან რუსეთში ჩადის, ამბობს, რომ ნატოს სანაცვლოდ რუსეთთან ვაჭრობა შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. თქვენი აზრით რამდენად გამართლებულია ასეთი ვაჭრობა?
- რუსეთიდან ასეთი წინადადება არ არსებობს, რომც არსებობდეს, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და აი, რატომ: იმიტომ, რომ დასავლეთთან ჩვენი ალიანსი ერთადერთი რეალური დაცვაა. რუსეთთან ნებისმიერი ხელშეკრულება ძალის მქონე ვერ იქნება. რუსეთისთვის ტრადიციაა ხელშეკრულებების დარღვევა. რუსეთს ჰქონდა ჩვენთან ხელშეკრულება არარატიფიცირებული მართალია, მაგრამ მაინც ხელშეკრულება იყო და მან ის დაარღვია. პუტინი ამზადებს ე.წ. საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელსაც ის მოიწვევს წაჩხუბებული ქართველების შესარიგებლად.
- მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკას არ ემხრობით?
- მიიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა არის მოჩვენებითი. რომ არ იყოს რუსების მიერ მართული, ის დროზე განაცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ღია ომს. 6-7 აგვისტოს ბევრი იყვირა, მაგრამ ოფიციალურად არ განუცხადებია მსგავსი არაფერი, ამიტომ ტალიავინს, რომელიც რუსების მიერ კონტროლდება, შეუძლია თქვას, ჩვენ არ გვაქვს მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ აგვისტოში რუსები აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს. ტალიავინი საქართველოს მტერია და რუსეთის დავალების შემსრულებელი.
- თქვენი აზრით, რას ნიშნავს სააკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ის საქართველოს ტერიტორიას სთავაზობს ნატოს ჯარებს ავღანეთის მიმართულებით გადაიტანონ სამხედრო ტექნიკა და სხვა სახის ტვირთი?
- არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სასიამოვნო, რომ მისი თუნდაც ერთი ძე დაიღუპოს უცხო ქვეყნისთვის ბრძოლაში. ეს არის იძულებითი ნაბიჯი. საქართველო იძულებულია, რომ თავისი შვილების სისხლით ივაჭროს. ძალიან მძიმე სათქმელია, მაგრამ ეს გამართლებულია.
ხელისუფლებამ არ გამოიყვანა საქართველო მაშინვე დსთ-დან, მან არ გააუქმა რუსეთის სამშვიდობო მანდატი, მან არ გამოუცხადა მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი აწარმოებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს წინააღმდეგ. მან გამოთქვა მზაობა, რომ შექმნას ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ანუ საქართველოს ტერიტორია გაასხვისა. ობიექტები მიყიდა რუსებს.
6-7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო ომი, მოიგო მანევრით ანუ ჯარების გადაადგილებით, დაიკავა საკვანძო პოზიციები, მოახდინა ამ პოზიციებზე ჯარების კონცენტრაცია... ტყავს გავაძრობ კუდის ლიკამდე ამ ხელისუფლებას, ასევე დაწერეთ...

- რუმინეთმა და ბულგარეთმა, ფაქტობრივად, თანხმობა განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე განლაგდეს ამერიკის ანტისარაკეტო სისტემები. ორივე ეს ქვეყანა შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებია. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოც მოექცევა უსაფრთხოების ამ ზოლში?
- ეს სიტუაცია ხელისგულზე დევს. რუსეთმა მოახდინა აგრესია საქართველოს მიმართ. რუსეთს არ დაუფარავს რომ ამით ებრძვის არა პატარა საქართველოს, არამედ დიდ დასავლეთს და შეერთებულ შტატებს. მან კბილი მოუსინჯა დასავლეთს, დასავლეთმა შავ ზღვაში შეიყვანა ფლოტი, გააკეთა ერთი-ორი მკვეთრი განცხადება და ამით რუსები გააჩერა, როცა რუსს საქართველოს ერთი მეხუთედი უკვე დაპყრობილი აქვს.
ეს არ არის საყოველთაოდ ცნობილი, მაგრამ გეტყვით, რუსებმა საზღვაო სარდალ ბალტინს ათქმევინეს, ყოფილ სარდალს, ოც წუთში ჩაგძირავთ, შავი ზღვა დასავლეთისთვის ხაფანგიაო, ერთ-ორ კვირაში ბალტინი გაემგზავრა საიქიოში, განცხადება დარჩა. რუსებმა ჩასხეს განსაკუთრებული ბომბდამშენი თვითმფრინავები და გაამზადეს ამერიკის ფლოტზე დასარტყმელად.
თანამედროვე პირობებში სახმელეთო ბაზირების ავიაცია და საზღვაო ბაზირების რაკეტები ერევა ნებისმიერ ფლოტს, რომელიც ნაპირთან დგას და მოწყვეტილია თავის ბაზებს. ამერიკელები იძულებული გახდნენ ფლოტი გაეყვანათ შავი ზღვიდან. ამერიკელებს ამით უთხრეს, რომ თქვენთან სახმელეთო ომი არ შეგვიძლია, მაგრამ რუსებს აქვთ პატარა, ლოკალური ომების კონცეფცია.
ამერიკამ გლობალური ომი რუსეთს არ გამოუცხადა, მაგრამ აგრძნობინა, მე შენ მოგიგებ არა მარტო გლობალურ ომს, არამედ ლოკალურსაც, რომელსაც შენ უკვე აწარმოებო. მალევე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ამერიკელები განალაგებდნენ რაკეტებს რუმინეთსა და ბულგარეთში. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამ ფაქტით იწყება დასავლეთის მიერ შავი ზღვის დაუფლების ოპერაცია.
- საქართველომ ამით როგორ უნდა იხეიროს?
- როცა შავ ზღვაზე გაბატონდება დასავლეთი, რუსეთს ექნება კუდი ამოძუებული. შუა აზია დღეს უყურებს შავ ზღვაზე ვინ ვის გალახავს, გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთს მიეხმრობა. და ჩვენც, როგორც დასავლეთის განუყოფელ ნაწილს.
იანუკოვიჩმა სერიოზული განცხადება გააკეთა, (დღეს რუსები კაპიკებს იხდიან სევასტოპოლში დგომისათვის), რომ ის სევასტოპოლში დააყენებს რამდენიმე ქვეყნის ფლოტს. რუსებს გამოუცხადა სასიკვდილო განაჩენი. ამას ალბათ არ გააკეთებს, არ დანიშნავს საგარეო მინისტრად იმ კაცს, ვისაც ეს განცხადება გააკეთებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფოსტას გამოსულია. იანუკოვიჩმა თავი გაუთანაბრა პუტინს. ჩვენი ტერიტორიების აღდგენის გზა გადის რუსეთის დამარცხებაზე.
- როგორ შეაფასებთ ფრანგული სადესანტო გემის „მისტრალის“ რუსებისთვის მიყიდვის საკითხს და გერმანიის რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას?
- გერმანიას სძინავს და სიზმარში ენატრება გერმანულ-რუსული ტანდემი, გერმანული ჭკუა და რუსული რესურსი, მათ შორის ადამიანური რესურსიც. ეს ტანდემი გაგრძელდა ორი საუკუნე - პეტრე პირველიდან ნიკოლოზ მეორემდე. გერმანულმა ბიუროკრატიამ ააშენა რუსეთის იმპერია, მართალია დამპალი, დესპოტური იმპერია, მაგრამ მაინც იმპერია იყო. ეს შეიცავს დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, გერმანია დაინტერესებულია, რომ რუსეთი არ დასუსტდეს. რა თქმა უნდა, გერმანია დასავლეთის ალიანსის განუყრელი ნაწილია, მაგრამ ამ ალიანსის შიგნით გერმანია ამ მიმართულებითაც იბრძვის.
საფრანგეთს ტრადიციულად ეშინია გერმანიის, რუსეთი მისთვის მოკავშირეა, ამერიკელები არ უყვარს. დასავლური ალიანსიდან არც საფრანგეთი გამოვა. რუსეთი აპირებს რამდენიმე ასეთი ტიპის გემი შეუკვეთოს საფრანგეთს.
ამ გემებს დააყენებს შავ ზღვაზე, ეს არის დასავლეთისთვის გამოწვევა. ამერიკა კი რუმინეთს, ბულგარეთს და ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთს შეუქმნის ძლიერ ფლოტს. ამით იწყება შეიარაღებათა დოღი შავ ზღვაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის. ნებისმიერი ასეთი დოღი დასავლეთის მიერ მოგებული იქნება, დასავლეთის ეკონომიკისთვის ეს არის წამალი, რუსეთს კი უზარმაზარი ფინანსური ტვირთი დააწვება. როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა ეკონომიკური ზეწოლის შდეგად, ასევე დაინგრევა რუსეთიც. რუსეთისთვის „მისტრალის“ ყიდვა და შავ ზღვაში შემოყვანა მისთვის არის თვითმკვლელობის აქტი.
- ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება?
- არც ერთი ეკრანზე გამოჩენილი არც ერთი „სიფათით“ ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს იმ ადამიანებით, ვისი პოტენციალიც არსებობს რეალურად და დღეს ის ხალხი რეალურად არსებობს, მაგრამ ტელეეკრანზე არ ჩანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100