შვილების მიერ აღმზრდელის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა

მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ოფისში პრესსპიკერის თანამდებობაზე მაია ფანჯიკიძე წარადგინა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რამდენიმე მედიასაშუალებით, მათ შორის „დრონი.ჯი“–ზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც ამერიკელი მასწავლებელი პატრიკ დაუნი ივანიშვილის ვაჟიშვილს მოწამვლაში, ხოლო ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირებს მის დევნაში ადანაშაულებს, ბიზნესმენს შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა.

ბიძინა ივანიშვილმა არ უარყო, რომ პატრიკ დაუნი მართლაც მუშაობდა მის ოჯახში ვაჯიშვილების ინგლისურის მასწავლებლად, თუმცა დაამატა, რომ პატრიკ დაუნს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი ნათქვამი ჟურნალისტებმა სერიოზულად არ უნდა მიიღონ. გამოთქვა იმედი, რომ „მას ამერიკა სათანადოდ მიხედავს“:

"მადლობა ღმერთს, რომ ის ამერიკაშია და ამერიკელები მას სათანადოდ მიხედავენ – დაეხმარებიან ამ პრობლემების მოგვარებაში".

შეკითხვაზე, რატომ და ვისი რეკომენდაციით მუშაობდა ფსიქიკური პრობლემების მქონე მასწავლებელი მის ოჯახში, ივანიშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა:

"მან რამდენიმე თვე იმუშავა და იმ ფუნქციის შესრულებას, რაც დაკისრებული ჰქონდა – ინგლისურის სწავლას – ახერხებდა", – განაცხადა მილიარდერმა.

ცნობისათვის: პატრიკ დაუნი იხსენებს, რომ ინგლისურს არამარტო ბიძინა ივანიშვილის შვილებს, ტავად მილიარდერსა და მის მეუღლესაც ასწავლიდა.

კომენტარი