არა მარტო დეოკუპაცია მოხდება, არამედ ჩადენილი დანაშაულის გამო რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაც მოუწევს

"რუსეთს აუცილებლად მოუწევს დეოკუპაცის პროცესის დაწყება, სწორედ ამდაგვარი რეზოლუციების ზემოქმედების მეშვეობით და ამასთან ერთად, ის ცალსახად გადაიხდის ჩადენილი დანაშაულის გამო კომპენსაციასაც, რადგან დანაშაული სახეზეა. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მით უფრო უარესი იქნება მისთვის. ეს, პირველ რიგში, თავად რუსეთს შეუქმნის პრობლემებს და ეს გახდება რუსეთის დაშლის დასაწყისი", – განაცხადა "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას შოთა მალაშხიამ.
დსდსდ
"დრონი.ჯი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიას ესაუბრა.
დსდსდ
– გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ქართული მხარის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რას მოგვიტანს ეს რეზოლუცია, ბატონო შოთა?
დსდსდ
– პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო თვითონ ამ რეზოლუციის შინაარსზე. ამ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ გაეროსთვის დემოგრაფიული მდგომარეობის ძალადობრივი შეცვლა მიუღებელია, ანუ ამ რეზოლუციით საუბარია იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა, რაც გაეროსთვის მიუღებელია. გარდა ამისა, აქ საუბარია დევნილების უპირობო დაბრუნებაზე თავიანთ სახლებში. ასევე იმაზე, რომ იმ კერძო კომპანიებმა, რომლებიც აქ უკანონოდ ქონების შესყიდვას აპირებენ, ეს არ გააკეთონ. ანუ შინაარსობრივად აქ არსებულ მძიმე მდგომარეობას და სამართლებრივ მდგომარეობას სწორ შეფასებას აძლევს.
დსდსდ
გაეროს ამდაგვარი რეზოლუციები ხელს შეუწყობს მომავალში, რომ გაერომ მიიღოს გადაწყვეტილებები უკვე რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის შეცვლისთვის, რადგან, თუ დემოგრაფიული მდგომარეობა ძალადობრივად არის შეცვლილი, თუ დევნილები უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ, თუ მათი ქონების შეძენის უფლება სხვას არა აქვს და ყველაფერი ეს ხდება და მოხდა, მაშინ დგება საკითხი, რომ ამ პროცესების შესაჩერებლად შემუშავებული უნდა იქნას მექანიზმი და ხვალ გაერო ვალდებულია ამ მექანიზმებზე ისაუბროს, რადგან არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში რეზოლუციის რეჟიმში ვიყოთ. უნდა გადავიდეთ გადაწყვეტილების რეჟიმში და ეს გადაწყვეტილების რეჟიმი იქნება გაეროს დონეზე, ევროკავშირის და სხვა წვრილი ორგანიზაციების დონეზე. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების დროს საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ ერთად.
დსდსდ
– რა მექანიზმები გვაქვს იმისა, რომ რუსეთს ამ რეზოლუციის შესრულება მოუწიოს? შევარდნაძის დროსაც მიიღებოდა რეზოლუციები, თუმცა შედეგი არ ჩანდა.
დსდსდ
– სწორედ განსხვავება შევარდნაძის დროს მიღებულ რეზოლუციებსა და დღევანდელს შორის არის ის, რომ იქ, დავუშვათ, ეწერა, რომ ყველა დევნილი ვერ დაბრუნდებოდა თავიანთ სახლებში, ის დევნილი, რომელიც ან სამხედროში, ან პოლიციის სტრუქტურებში მუშაობდა, ვერ ბრუნდებოდა. ამდაგვარ ხელშეკრულებებს აწერდა წინა ხელისუფლება ხელს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მიდგომები შეიცვალა. დღეს საუბარია არა მარტო დევნილებზე, არამედ მათ შთამომავლებზე, ყველა თაობის დაბრუნებაზე უპირობოდ, იმაზე, რომ მათი ქონება არის ხელშეუხებელი და კიდევ უფრო წინ წავედით, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, ანუ დღეს უკვე ეს რეზოლუციები საუბრობენ აქ ჩადენილ დანაშაულზე.
დსდსდ
აქ ჩადენილი დანაშაული განხორციელებულია უპირატესად ქართველების მიმართ, ამიტომ ვინც განახორციელა ეს დანაშაული, ის უნდა დაისაჯოს და მან უნდა გადაიხადოს კომპენსაცია ჩადენილი დანაშაულის გამო. რუსეთს აუცილებლად მოუწევს დეოკუპაცის პროცესის დაწყება, სწორედ ამდაგვარი რეზოლუციების ზემოქმედების მეშვეობით და ამასთან ერთად, ის ცალსახად გადაიხდის ჩადენილი დანაშაულის გამო კომპენსაციასაც, რადგან დანაშაული სახეზეა.
დსდსდ
საერთაშორისო ორგანიზაციები – ეს არის ის ბერკეტი, რომელზეც უფრო დიდი ბერკეტი პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სასამართლოებში საქმე, ჩვენ ასევე მოვითხოვთ გაეროში, რომ შეიქმნას ტრიბუნალი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ჩადენილი დანაშაულობების გამო, ანუ ჩვენი მთავარი მიზანი ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებაა. და ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც რუსეთზე ზეწოლის მექანიზმის ამოქმედება არის შესაძლებელი. საფრანგეთი ამბობს, მოდი, ვილაპარაკოთ დეოკუპაციაზე. მაგრამ იგივე საფრანგეთთან, გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მოდით, დავიწყოთ დეოკუპაციის მექანიზმის შემუშავება. ამის შემუშავება ყველა ორგანიზაციას მოუწევს, ეს არ შეიძლება გრძელდებოდეს ათეული წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ეს იქნება თვითონ რუსეთის კრახი.
დსდსდ
– გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან ნებისმიერ დროს და ადგილას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რამდენად შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება?
დსდსდ
– ჩვენი საუბარი, ტონი და ქმედებები არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ ვამბობთ, რომ მოლაპარაკებაზე ვსხდებით წინაპირობების გარეშე, ეს თქვენ ხართ კარჩაკეტილი, თქვენ გაქვთ დანაშაული ჩადენილი და თუ ეს ასე არ არის, მოდით, დავიწყოთ დიალოგი და აქ ნებისმიერი მედიატორი – გაერო, ეუთო თუ სხვა – ჩვენთვის მისაღებია, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენს მიმართ არის აგრესია განხორციელებული. მზად ვართ ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, ეს არის სიმართლის უპირატესობა. რაც არ უნდა მეტი რესურსი ჰქონდეს რუსეთს ფინანსური, ძალადობრივი და ა.შ., სიმართლის წინაშე ყველა უკან იხევს და ეს ასევე მოხდება საქართველოსთან მიმართებაში.
– და მაინც, როგორ ფიქრობთ, წამოვა რუსეთი დიალოგზე და რა დრო დასჭირდება საქართველოს მოსკოვთან მოლაპარაკებების დასაწყებად?
დსდსდ
– იმედია, რუსეთი მიხვდება, რომ ეს დანაშაული მას არ შერჩება და წამოვა დიალოგზე და ასეთი ნიშნები რეალურად არის უკვე. მაგ: სხვადასხვა სქემებზე საუბრობენ, რომ, დავუშვათ, ცხინვალი ამ რეგიონის ამ ფორმით იყოს საქრთველოსთან მიერთებული და აფხაზეთის რაღაც ნაწილი იქნას დაბრუნებული, ისინი რეალურად გრძნობენ ჩადენილ დანაშაულს. 21-ე საუკუნეში სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოში ეთნოწმენდა ჩაატარა და ამას დაარქვა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამდაგვარი სამართლებრივი დარღვევა ჯერ არავის ჩაუდენია. თუ არ წამოვა რუსეთი დიალოგზე და ამ მდგომარეობას გააგრძელებს საქართველოში, ვგულისხმობ 4-5 წლის განმავლობაში, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მიდის თვითლიკვიდაციაზე. ეს იქნება რუსეთის დაშლის დასაწყისი.
დსდსდ
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ 2 კილომეტრით გაიზარდა, ლამისყანას ვგულისხმობ, რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ, ბატონო შოთა?
დსდსდ
– სამართლებრივად რუსეთს პრობლემები შეექმნა. მისი მთავარი მიზანი არის, როგორმე საქართველოს მხარე რაიმე პროვოკაციაზე წამოაგოს. და მის მომხრეებსაც, რომლებიც მოსყიდულნი არიან, ან უბრალოდ ვერ ერკვევიან სიტუაციაში, ჰქონდეთ რაიმე საბაბი მაინც, რომ საქართველოზე ითქვას აუგი. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორედ დიდ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება. რუსეთს აღიზიანებს წარმატებული ქვეყნის ნახვა მის ფარგლებთან. საქართველო რუსეთისთვის თავისი ხელისუფლებიანად არის სერიოზული პრობლემა, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ოკუპაციის პერიოდში იგივე ტემპით ახერხებს განვითარებას. ეს კიდევ უფრო აღიზიანებთ, ამიტომ ამდაგვარი პროვოკაციები იქნება, რომლებსაც ყველამ ერთად უნდა ავარიდოთ თავი და საკითხები გადავიტანოთ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში.
დსდსდ
– ჩრდილო კავკასიაში მოქმედი ბოევიკები მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალურ ბანაკებში გადიანო, _ აცხადებს რუსული მხარე. ამ ფონზე ურთიერთობის დალაგება რუსეთთან შესაძლებელია?
დსდსდ
– ყველამ კარგად იცის, რომ ტერორისტების მომზადება, იარაღის ყიდვა-გაყიდვა ხდება კონფლიქტურ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ დროს საუბარია საქართველოზე, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალეა, პოლიცია იმდენად კარგად მუშაობს, რომ ამას რუსეთიც ვერ მალავს. ცალსახად ვარ დარწმუნებული, რომ არა მარტო დეოკუპაცია მოხდება, არამედ რუსეთს ჩადენილი დანაშაულის გამო საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაც მოუწევს. შეიძლება კომპენსაცია უფრო რთული პროცესი იყოს, მაგრამ აუცილებლად მოუწევს. რაც შეეხება დეოკუპაციას, ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება და რაც უფრო გაჭიანურდება, ეს რუსეთს შეუქმნის პრობლემებს.

კომენტარი