ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ პაციენტს - საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ არც საქართველოსა და არც ჩინეთის მოქალაქეს, ლუგარის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

დიდი ალბათობით, ჩინეთის მოქალაქეს B ტიპის ვირუსი აქვს. ის საქართველოში ყაზახეთიდან შემოვიდა და გუდაურსა და ბაკურიანში ისვენებდა.

"ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ორი პაციენტი, ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონი და მეორე ასევე ახალგაზრდა ჩინელი მამაკაცი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით, პნევმონია არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან ჩატარებული გამოკვლევებით ჩინელ მამაკაცს B ტიპის გრიპი აქვს. ვინაიდან, მისი ხახის ნარცხის გამოკვლევით მივიღეთ სუსტი, მაგრამ მაინც დადებითი რეაქცია B ტიპის ვირუსზე," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ვირუსის სიმპტომები მას 3 დღის წინ დაეწყო და ქართველ მედიკოსებს გუშინ მიმართა. ახალი მომაკვდინებელი ვირუსი არ აღენიშნება ქართველ ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

კომენტარი