ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან დაძვრებიან?

“წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დროს, რომელიმე გერმანელ პოლიტიკოსს მოეთხოვა დაფინანსება კრემლთან დაახლოებული პირისგან. იმ გერმანელს მაშინვე სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადებდნენ.”, - აცხადებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. რაფავა სვამს კითხვას: ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად თუ ფარულად, კრემლში ან კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან დაძვრებიან?
"ყარაბახის გამო, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან სომხეთი და აზერბაიჯანი. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანში დღესაც ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, ხოლო სომხეთში – ეთნიკური აზერბაიჯანელები. მათ შორის კი ბევრი წარმატებული ბიზნესმენია.


ხოლო თუ ბაქოში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ დააფინანსებს სომხეთის ოპოზიციას ან პირიქით, ერევანში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბიზნესმენი აზერბაიჯანულ ოპოზიციას, რა შეიძლება მოყვეს ამას, ძნელი წარმოსადგენი არაა", - დასძენს რაფავა.
მისი აზრით, ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერმა უკვე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით – უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ეს მუხლი ითვალისწინებს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
“ამ მუხლის კომენტარში ამომწურავადაა გაშიფრული ის ქმედება, რაც ა ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩაიდინეს. მთელი მსოფლიო ადასტურებს რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოზე შეიარაღებულ თავდასხმას, მისი ტერიტორიების ანექსიასა და ოკუპაციას. დააკვირდით: რუსეთი ამ ქმედებას იმით ამართლებს, რომ თითქოს ეროვნული უმცირესობები დაიცვა სამხედრო აგრესიისგან. კრემლს საოკუპაციო ძალები არ გაჰყავს იმ მოტივით, რომ თითქოს უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების – ოსებისა და აფხაზების დაცვას ქართული აგრესიიგან. ამ დროს კი, ქართველი ოპოზიციონერები ინფორმაციის წყაროდ და ფაქტის დამადასტურებლად გვევლინებიან საქართვრელოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
მეტიც: ვთვლი, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც რუსული ტელეარხების მეშვეობით გამოდიან და ქართულ პატრიოტიზმზე საუბრობენ, ძალიან ახლოს დგანან სერგო ორჯონიკიძესთან და ფილიპე მახარაძესთან. ექსპერტთა ნაწილი სრულად იზიარებს პროფესორ რაფავას პოზიციას და მიაჩნია, რომ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე, საკითხები საქართველოს სასიკეთოდ არ გადაწყდება. ექსპერტების აზრით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ტრაგედია იქნებოდა, რომ ამ ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლები მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან მართულ ოლიგარქებს შეხვედროდნენ და მათგან დაფინანსება მოეთხოვათ.
მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი სისხლიანი კბილები, დაღვარა უამრავი ქართველის სისხლი, კრემლთან ან კრემლის მარიონეტ ბიზნესმენებთან ნებისმიერი საქმიანი კავშირი, მითუმეტეს პოლიტიკური კავშირი, სხვა არაფერია, თუ არა, შენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოს ღალატად შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ქმედება, რომელიც მიმართულია შენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
ძნელია ვინმე სამშობლოს ღალატში დაადანაშაულო (ალბათ ამაზე დიდი დანაშაული ჯერ კაცობრიობას არც გამოუგონია), მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ვიდრე არ აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა, ვიდრე რუსები თავიანთ საოკუპაციო ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან არ გაიყვანენ, მათთან “პოლიტიკანარევი სიყვარულის ძაფის” გაბმა, ნამდვილად არაა პატრიოტობა.

კომენტარი